თემურ ჩხეიძის ,,ART- ხელოვნება” ზუგდიდში

0
55

წუხელ  ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა ჩვენება მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლისა „ART- ხელოვნება“,  რომელიც    თემურ ჩხეიძის  სარეჟისორო მოღვაწეობის  50-ე  წლისთავს მიეძღვნა.

ეს სპექტაკლი, რომელიც  თემურ ჩხეიძემ  თხუთმეტი წლის წინათ დადგა თავის თეატრში, იმთავითვე მოექცა ქართული თეატრალური სამყაროს ყურადღების ცენტრში , როგორც ბრწყინვალე რეჟიორული და სამსახიობო ნამუშევარი და  ზოგადად თანამედროვეობის ურთულესი  პრობლემატიკის უაღრესად საინტერესო ფორმით გახსნის ნიმუში, როგორც ეს თემურ ჩხეიძისათვის არის ნიშნეული.  

სპექტაკლი დადგმულია ცნობილი ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, თეატრალურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟული პრემიების  მფლობელის იასმინა რეზას პიესის ,,არტის" მიხედვით, რომელიც მრავალი წელია უდიდესი წარმატებით იდგმება საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების თეატრალურ სცენებზე  ( ცნობისათვის: იასმინა რეზა არის ავტორი პიესებისა ,,საუბრები დაკრძალვის შემდეგ", ,,ზამთრის პასაჟი" , ,,შემთხვევითობის  კაცი" და  განსაკუთრებით გახმაურებული პიესისა ,,ჟლეტის ღმერთი", რომლის კინოვერსია ,,ჟლეტა' ' რომან პოლანსკის ეკუთვნის. რაც შეეხება თავად ,,არტს'', მისი პრემიერა შედგა პარიზში,  მყისვე ითარგმნა მსოფლიოს ოცდაათ ენაზე, მსოფლიო თეატრებს მოედო,    ავტორს მოლიერის, ლოურენს ოლივიეს, ტონის  პრემიები  მოუტანა და თავისებურ თეატრალურ ბესტსელერად იქცა).

ჩხეიძის რეჟისურისა  და  ზურა ყიფშიძის, მიშა გომიაშვილისა და ალეკო მახარობლიშვილის სამსახიობო ხელოვნების წყალობით  ზუგდიდელ მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კიდევ ერთხელ სეიოზულად დაფიქრებულიყო, იმაზე, რამ შეიძლება გათიშოს უახლოესი ადამიანები და სად გადის ზღვარი   დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, რა კვებავს გაუცხოებას და რა გამოცდას უნდა გაუძლოს ადამიანურმა ურთიერთობამ როცა გემოვნება, პოზიცია შორდება ერთმანეთს. არის ღრმა შინაგანი კავშირი სპექტაკლში მიმდინარე პროცესსა და ჩვენში დღეს მეტად აქტუალურ პრობლემას შორის, რომელსაც, ჩვენში სპექტაკლისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, არა ხელოვნება, არამედ პოლიტიკა იწვევს.

სპექტაკლის ჟანრი  კომედიაა, თუ გნებავთ ტრაგიკომედია, და, ბუნებრივია, დარბაზსა და სცენაზე ცრემლი და ღიმილი მონაცვლეობს, გრძნობათა ამ გამას თემურ ჩხეიძე მისი ხელწერისათვის დამახასიათებელი ღრმა ფსიქოლოგიზმით და მსახიობითვის დაუნანებლად მიცემული თავისუფლებით, მინიმალისტური დეკორაციით, სიჩუმის მუსიკით  ქმნის. 

სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე საატით ადრე თემურ ჩხეიძე  ზუგდიდის არტგალერეაში თაეტრალური და პირადად მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს, ზუგდიდელ კოლეგებს   შეხვდა.   ჯერ შეხვედრაზე, ხოლო შემდეგ  თეატრის სცენიდან მან  თავისი კარიერის დასაწყისი, ზუგდიდის თეატრში  მუშაობის დრო გაიხსენა. შეგახსენებთ,   50 წლის წინათ, 1965 წელს  იგი  ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. „ჩემი ცხოვრების ისეთი წლები და პერიოდი მაკავშირებს თქვენს ქალაქთან, რომ ის არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან“, – განაცხადა მან. 

 

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here