ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი დავით ბორჩაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი

0
452

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა 29 წლის პანკისელი ქისტი დავით  ბორჩაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია   უცხო ქვეყნის ტეორისტული ორგანიზაციის წევრობასა და  ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაში. ბრალის   დამტკიცების შემთხვევაში მას   10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ დროისთვის დავით ბორჩაშვილი  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა ამას წინ უძღოდა მის დაკავებასთან დაკავშირებული სხვა პერიპეტიებიც.

მცირე ხნით ადრე დავით ბორჩაშვილი, რომელიც ახლობლების განმარტებით,  სამშობლოში   სამკურნალოდ ბრუნდებოდა, თბილისის აეროპორტში გააჩერეს  და რამდენიმე საათის შემდეგ უკან, თურქეთში დააბრუნეს.  თურქმა სამართალდამცველებმა  იგი ისევ საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება და ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანა განხორციელდა. 

სუს-ში არ ახმაურებენ, რატომ გააბრუნეს თავდაპირველად თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე უკან, სწორედ ამის გარკვევას მოითხოვდნენ გუშინვე პანკისში გამართულ აქციაზე ბორჩაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ  მას არანაირი კავშირი არ ჰქონია სირიასთან,  ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და  სამშობლოში  მძიმე ავადმყოფობის გამო ბრუნდებოდა.

,,ორი აეროპორტი გამოვიარეთ უპრობლემოდ, სისხლდენით, კალიასკით ჩამოვიყვანეთ, თუმცა, როგორც კი აეროპორტში ჩამოვფრინდით, სამართალდამცავებმა წაუყენეს ულტიმატუმი –   ან აქვე უნდა დავაკავოთ, ან უკან უნდა დავაბრუნოთო. როგორც პოლიციელებმა მითხრეს, საქართველოში ანტიტერორისტული კანონი მოქმედებს, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ "- აცხადებს დაკავებულის  დედა დალი ბორჩაშვილი.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ  ბორჩაშვილი რვა თვის განმავლობაში მკურნალობდა ქალაქ კონიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მისი  მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იქ მას  სამი ოპერაცია გაუკეთდა,  მესამე ოპერაციის შემდეგ კი  ინფექცია შეეჭრა და ახალი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, მაგრამ, რადგანაც  თურქეთში ახლობლები არ ჰყავს, მან ამ ოპერაციის გაკეთება სამშობლოში გადაწყვიტა.

სტამბულის აეროპორტში ბილეთის აღებისას გაირკვა, რომ მას თურქეთის კანონმდებლობა აქვს დარღვეული და დეპორტაციას ექვემდებარება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქისთვის  თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა  მხოლოდ სამი თვით არის დაშვებული. შესაბამისად, შესაბამისმა ორგანოებმა მისი ხუთი წლით დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოში დაბრუნებული  კი  ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში 8 საათით შეაჩერეს და  მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დაკარგა გონება და მდგომარეობა დაუმძიმდა, როგორც აღვნიშნეთ, უკან გააბრუნეს. 

ბორჩაშვილის ოჯახის პროტესტის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი დღის მანძილზე არ აძლევდა მათ პასუხს კითხვაზე, რატომ აბრუნებდა ახალგაზრდას თურქეთში მისივე ქვეყანა და,  თუ ჰქონდა მტკიცებულებები მისი ტერორიზმთან კავშირის შესახებ, რატომ არ აკავებდა საქართველოშივე, იგი იფარგლებოდა ზოგადი ფორმულირებით,  რომ მას საბუთები წესრიგში არა აქვს. 

ბორჩაშვილის გარშემო განვითარებული ამბები აიხსნა მხოლო მას შემდეგ, რაც იგი თურქეთმა უკან გამოაბრუნა. ამჯერად ბორჩაშვილს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ იგი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშრშია ეჭვმიტანილი. ხვალ გაირკვევა წაეყენება თუ არა ოფიციალურად ბორჩაშვილს  ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით,  რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.

 

 

 

წინა სტატიაირმა ინაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა აქცია გრძელდება და მას სხვებთან ერთად ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებიც უერთდებიან
შემდეგი სტატიაბერნარ კუშნერი: თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, არის თუ არა ტერორიზმი ის მიზეზი, რის გამოც საქართველომ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მახე.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური