გიგი უგულავას ღია წერილი ციხიდან ივანიშვილს, მარგველაშვილს და ღარიბაშვილს

0
450

კიდევ იტყვის ვინმე, რომ ივანიშვილი საკუთრ შეცდომებზე არ სწავლობსო. იტყვის და მწარედ შეცდება. არა! ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სწორ დასკვნებს აკეთებს, უბრალოდ სასოწარკვეთილი ისევ თავის ძველ, გედების სიმღერას უბრუნდება.
რომ არ დაგაბნიოთ, ახლავე განგიმარტავთ. ლარის რაფსოდიამ ყველა დაგვზაფრა. მეც კი, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე, უვალუტო სივრცეში, მატროსოვზე ვბინადრობ. ივანიშვილმა და მთავრობამ პირველად გადაწყვიტეს ხალხისთვის სიმართლე, ნუ ნახევარსიმართლე მაინც ეთქვათ – ლარის გაუფასურება საერთაშორისო და რეგიონალური პროცესების შედეგია და მასზე საქართველოს ხელისუფლების ხელმწიფება არ ვრცელდება. კაცმა რომ თქვას, რითი არაა დამაჯერებელი ეს არგუმენტი. მართლაც ასეა. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნირებთან ეკონომიკური კრიზისია – ექსპორტი შემცირდა.

იგივე მიზეზის გამო იქ მყოფი ქართველობა ფულს ვერ უგზავნის ნათსავებს საქართველოში. არეულობის გამო ინვესტიციებმა ბუნებრივად იკლო. ტურისტების (ვიზიტორების) რაოდენობამ საბჭოთა საქართველოს შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და იგივე რეგიონალური კრიზისის გამო ოდნავ დამუხრუჭდა. მოკლედ, კმაყოფილმა მთავრობამ ხელები მოიფშვნიტა, მართლაც ხომ პირველად უთხრა ხალხს სიმართლე.
მაგრამ, ჰოი საოცრებავ – არ იღებს ხალხი ამ არგუმენტს. ესმის ივ
ანიშვილს, რომ ილანძღება და გულზე სკდება. როგორ არ უნდა ხალხს საერთაშორისო არგუმენტის მიღება?! ეს ხომ დღესავით ნათელია. კარგი! იქ შევცდი, ფიქრობს, დანაზოგების მართვისთვის პერსონალური ბანკირის დაქირავება რომ ვურჩიე, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომს ხომ რუსთავი 2-ც კი აშუქებს, თან ამ წყეული სააკაშვილის გამო ზომაზე მეტადაც კი. ბატონო ბიძინა და მთავრობავ, არ მიიღებს ხალხი ამ არგუმენტს. ამაში მე 2009 წელს დავრწმუნდი, როცა ანალოგიურ სიტუაციაში სალ კლდეს წავაწყდი.

მე ხომ “პროპაგანდის დირექტორად” მთვლიდით. ჰოდა გაგიმხელთ, რომ 2008 წელს დაწყებულმა უმწვავესმა მსოფლიო ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა ქართველების შეგნების მიღმა ჩაიარა. მხოლოდ ჯიბეს დაარყა, ტვინს კი არა. რატომ? მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხზე, დასკვნა კი აქ , მატროსოვზე გავაკეთე.

საქართველოში გაზრდილი ადამიანი არც ერთ საკითხში, არასდროს მიიღებს რაიმენაირ საერთაშორისო არგუმენტს. ამის მიზეზი ჩვენი სკოლები და ურიცხვი ისტორიის გაკვეთილებია. ჩვენს თავს და მოსახლეობას ისტორიას ისე ვასწავლით, თითქოს მსოფლიო ჩვენს გარშემო საერთოდ არ არსებობს, ან თუ არსებობს მხოლოდ ხმალს ვუქნევთ. მეტიც, ქართველ მოწაფეს საქართველო სამყაროს ცენტრი ჰგონია.

ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს, ოღონდ ისე, რომ ეს ყველაფერი უგარესამყაროდ, ბუნდოვნად არსებობს. ამას დაემატა საბჭოთა ისტორიოგრაფია, რომ საქართველოს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან მხოლოდ აოხრებდნენ. სინამდვილეში, ჩვენ, როგორც ახლოაღმოსავლეთის იმპერიების ჩრდილოეთ პერიფერია კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურად არსებითად ვიყავით მათთან გადაჯაჭვული. თუნდაც, ციფრებს დააკვირდით: ასი ათასი მოწამიდან დაწყებული, შემოსეული ჯარების ოდენობით დამთავრებული. პირდაპირ, მსოფლიო ომების მასშტაბებზე გავდივართ. არა და ეს ოხერი გეოგრაფია, ეს პატარა და ვიწრო ხეობები და ველები ხომ ისევ იგივეა!

არასდროს შეკითხვაც კი არ გაგვჩენია, სად ეტეოდა ასიათასობით ცოცხალი თუ დახოცილი ადამიანი, მათ შორის, არც მაშინ მიტინგებზე გამოსულ ხალხს ცხვრებივით რომ ვითვლით. არანაირი კულტურული და ეკონომიკური კონტექსტის აღქმა, სამყაროს რეალური ცენტრების წარმოდგენა და მათი საქართველოსთან მიმართება.

მოკლედ, არაფერი! ჩვენს გარშემო არის მხოლოდ ზღვა, მთები და უქარქაშო ხმლები. XI-XII საუკუნეების საქართველოც კი, არებობის ისტორიაში ობიექტურად საუკეთესო პერიოდი, დღევანდელ მსოფლიოში რომ გადმოვიტანოთ თავის გავლენით, ეკონომიკით და ასე შემდეგ, გაუტოლდება დაახლოებით, დღევანდელ პოლონეთს. უბრალოდ, ჩვენს ისტორიას ისე ვსწავლობთ, რომ შეუძლებელია 2000 კილომეტრის დაშორებით მიმდინარე ომი ჩვენს ლარს, ჩვენს სიამაყეს, რამეს ვნებდეს.

აღარაფერს ვამბობ, ოკეანეებს გადაღმა, სადღაც ჩრდილოეთ დაკოტაში, თუ აიდახოში დაწყებულ იპოთეკურ კრიზისზე. ჩვენ უბრალოდ, ასე გავიზარდეთ. ენჯეოების ენით რომ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეები არსებით რეზისტეტულობას ავლელენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ.

ამ წიაღსვლებით ვერთობოდი, როცა ექიმის კაბინეტში ჩართულ რუსთავი 2-ზე ინტერაქტივს გადავაწყდი. კითხვაზე, თუ ვისი ბრალია ლარის გაუფასურება 85 პროცენტი მთავრობას აბრალებდა, 10 პროცენტი – ეროვნულ ბანკს და მხოლოდ 5 პროცენტი საერთაშორისო პროცესებს.
კოლექტიური ქოცი, ცხადია, რუსთავი 2-ის ინსინუაციად ჩათვლის 85 პროცენტს. ჩემთვის კი, მთავარი ის 5 პროცენტი იყო. ჩემი არაადეკვატური ღიმილი შედეგების მიმართ, ექიმებმა მარტოობის სინდრომად მიიჩნიეს და მორიგ ჯერზე თანაგრძნობით განიმსჭვალენ. ვინ იცოდა, რომ იმ მომეტში ჩემს წინ ნიუტონის ვაშლი დაეცა. ო! რა ტკბილია მეტაფიზიკოსისთვის ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო, ეპმირიული დადასტურება. ემპირიული სასწაულით ტკბობა – ასეთი ანომალიაც, უფრო სწორად, ოქსიმორონი (ენჯეოებში ახლა ასეა მოდაში) არსებობს, და ის მე განვიცადე იმ მომენტში.

არ მგონია ამდენი ეფიქრა ივანიშვილს. როცა რამე არ გამოსდის, უკვე აპრობირებულ ტაქტიკას აწვება. აგერ არიან “ნაციონალები” და ნაციონალური ბანკიც. შორსაც შეგვიძლია წავიდეთ. “ქართული ოცნების” ოცნებად დარჩენის მიზეზებად თამამად შეგვიძლია გამოვაცხადოთ:

1. პირველი მძიმე წელი – სააკაშვილთან კოჰაბიტაცია
2. მეორე ნორმალური წელი – კოჰაბიტაცია უგულავასთან
3. მესამე კარგი წელი – კოჰაბიტაცია კუბლაშვილთან
4. მეოთხე საუკეთესო წელი – კოჰაბიტაცია ქადაგიძესთან

გიორგი ქადაგიძეზე გამახსენდა. 2009 წელს, გაგანია კრიზისი მძვინვარებდა. კახა ბენდუქიძესთან სადილზე და ტვინჭყლეტისთვის (ასე ითარგმნება brainstorming მეტაენადან დედა ენაზე) შევიკრიბეთ, ვისაც კი რამე გვეკითხებოდა ამ ქვეყანაში. სადილი ცხარე კამათში გადაიზარდა. კახა დოლარიზაციის მომხრეთა ჯგუფს ახმოვანებდა, გიორგი ქადაგიძე კი – პირიქით.

ბენდუქიძე ფიქრობდა, რომ ქვეყანა ეტაპობრივად, პირდაპირ დოლარის მიმოქცევაზე უნდა გადავიდეს. ლარი მხოლოდ სიმბოლოდ, ყოველგვარი ფისკალური დატვირთვის გარეშე უნდა დარჩენილიყო. ამ იდეის ძირითადი პლუსები: ინვესტორებისათვის გამოირიცხება ყოველი სავალუტო რყევა და რისკები, მთავრობა ზედმეტად ვერ ჩაერევა ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ ცხოვრებაში. შესაბამისად, როგორც დღეს, ნაკლებს გააფუჭებდა.

რა ტრაექტორიითაც იმოძრავებდა დოლარი მსოფლიოში, საქართველოშიც იგივე მრუდს გაიმეორებდა. მახსოვს, კახა ამბობდა, საქართველოს ეკონომიკა იმდენად პატარაა, რომ დოლარის ტრაექტორიის კორექტირება დაახლოებით იგივეა, რაც მსოფლიოს ყველა ყინულოვანი აისბერგი რომ დნებოდეს და შენ წყალს ნიჩბებით იგერიებდე. კამათი ისე ცხარე იყო, რომ კახა ყვირილით მიმართავდა მოწინააღმდეგე ბანაკს: მანახე საქართველოში ადამიანი, ან კომპანია, ვინც ბინას ან მანქანას ყიდის ან ყიდულობს და დოლარზე არ ანგარიშობდეს ფასებს, ან დანაზოგებს ლარში აგროვებდეს.
–ნუ გგონიათ ხალხი სულელი! ყველა დოლარზე თვლის და ანგარიშობს და ლარით მხოლოდ ვურთულებთ ცხოვრებას ადამიანებს და ინვესტორებს.  ასე იტყოდა ბენდუქიძე.

კამათს, სადილით დამძიმებული პრეზიდენტი ჩოგბურთის მსაჯივით ადევნებდა თვალს, ოდნავ დაღლილი და მთვლემარე. ეტყობოდა მოწყენა – ბათუმის სასწაულზე და მაღალ შუშის შენობებზე არავინ ლაპარაკობდა და არც პირი უჩანდა. უცებ, ჩვეულ სტილში მოწყდა მაგიდიდან და დაუმშვიდობებლად გავარდა. გასვლისას მოგვაძახა:

– არაფერი გამოვა მაგ საქმიდან, ეროვნების წართმევას დაგვაბრალებენ.

– ხოდა რომ გაუფასურდება ლარი, მერე ეროვნულობის გაუპატიურებას დაგაბრალებენ! – მიაძახა კახამ.

პრეზიდენტს არ გაუგია. ის უკვე შორს იყო. მიხვდით ბატონო ბიძინა, რა შარში ხართ ახლა?!
დიალექტიკურად თუ შევხედავთ, დოლარიზაციას ზუსტად იგივე არგუმეტებით ეთქვა უარი, რა არგუმენტითაც არ ვიღებთ საერთაშორისო პროცესების ჩვენზე გავლენას. ჩვენ ხომ ასე ვისწავლეთ სკოლაში.
მაგრამ, აბა ქოცი რისი ქოცია, რომ გაჯეჯილება გაცალოს. არც მაცდის. საკნის მაგიდას მეორე მხრიდან შემოვუჯექი და სხვა სიმართლეც, უფრო სწორად, ჩემი სიმართლის გაგრძელება გამოჩნდა.

– ჰო! და თუ ქართველი ერი ლარის კურსის ვარდნის მიზეზად საერთაშორისო არგუმენტს არ იღებს, მაშინ იმას რატომ მიიღებს, რომ ჩვენი ბედი უკრაინაში წყდება, რომ უკრაინის თავისუფლება – ჩვენი თავისუფლებაა.

არც იღებს. აბა, რომ მიეღო მე აქ ვიჯდებოდი? 
მოკლედ, სჯობს ისევ ისტორიას მივხედოთ, ლარს მაინც აღრაფერი ეშველება. გაფრინდა ჩვენი მარგალიტა დროებით



 http://www.tzona.org/post/gigi-ugulavas-gia-werili-cixidan-ivanishvils-margvelashvils-da-garibashvils#ixzz3rYgBBXut

წინა სტატიალიბერთი ბანკს პენსიონერებისთვის კაბალური 35-48%-იანი კრედიტი აქვს დაწესებული
შემდეგი სტატიაუკრაინელი ექსპერტი პარიზის ტერაქტთან პუტინის შესაძლო კავშირის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური