მთავარისიახლეებიინტერვიუჯორჯ ჰიუიტი აფხაზურ-ქართული ურთიერთობებისა და იმის შესახებ, თუ რამ...

ჯორჯ ჰიუიტი აფხაზურ-ქართული ურთიერთობებისა და იმის შესახებ, თუ რამ უბიძგა დაეწერა ,,ღია წერილი ქართველი ხალხისადმი”

Published on

ბრიტანელი კავკასიოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლის პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი  Sputnik- ისათვის მიცემულ ინტერვიუში  სხვა საკითხებთან ერთად  ყვება,  რამ  უბიძგა დაეწერა ,,ღია წერილი ქართველი ხალხისადმი''.

-მისტერ ჰიუიტ, თქვენ მრავალი წელია სწავლობთ კავკასიის ხალხთა ისტორიას, ენებსა და კულტურას. როგორ და როდის დაინტერესდით ამით?

–  ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. იმხანად კემბრიჯის უნივერსიტეტში ვსწავლობდი ლათინურსა და ძველბერძნულ ენებს და, თუმცა კარიერის გაკეთებას პოლიციაში ვგეგმავდი, ბოლოს მაინც ლინგვისტიკაზე შევაჩერე  არჩევანი და  სადოქტორო დისერტაციის წერას შევუდექი. 1973 წელს დავუკავშირდი პროფესორ ჰაროლდ ბეილის, რომელიც სანსკრიტის მცოდნე და თავისი დროის წამყვანი სპეციალისტი გახლდათ ინდოევროპული ენების სფეროში. მისი რჩევით საკვლევ თემად ავირჩიე ძველბერძნულსა და ძველსომხურს შორის არსებული მსგავსება და განსხვავება და, როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ ვამცნე, მითხრა, რომ, თუკი ძველსომხურის შესწავლას ვაპირებდი, ყურადღება უნდა მიმექცია ქართული ენისთვის. მისი თქმით, ქართული და სომხური არ წარმოადგენდა მონათესავე ენებს, მაგრამ მათ შორის საუკუნეთა მანძილზე საინტერესო   ურთიერთკავშირი ჩამოყალიბდა. სერ ჰაროლდმა მათხოვა წიგნი ქართულ ენაზე და მყისვე  შემიყვარდა ეს ლამაზი შრიფტი. მოგვიანებით შევიძინე ჰანს ფოგტის ,,ქართული ენის გრამატიკა’’ და მაშინვე შევნიშნე, რომ ქართული სომხურზე გაცილებით რთული ენაა და, შესაბამისად, უფრო საინტერესო ჩემთვის, როგორც ლინგვისტისათვის. მთელი ორი წლის მანძილზე დროის უმეტეს ნაწილს ქართულის შესწავლას  ვახმარდი და პარალელურად ბევრ ახალს ვიგებდი სხვა კავკასიური ენების შესახებაც, თუმცა კი ჩემი კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო დამატებითი დამოკიდებული წინადადება ბერძნულ და სომხურ ენებში.

1974 წლის ზაფხულში რამდენიმე კვირა თურქეთის ჩერქეზულ (აფხაზურ) სოფლებში გავატარე  და მოვახერხე მონახულება უკანასკნელი სოფლისა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა რამდენიმე მოხუცი უბიხი. იქ მომცეს მისამართი უკანასკნელი უბიხისა, რომელმაც სრულყოფილად იცოდა მშობლიური უბიხური ენა. ამ კაცს ტეფრიკ ესენჩი ერქვა და სტამბოლში ცხოვრობდა. სწორედ ამ ქალაქში შევხვდი მას.  ჩემს მიერ გაკეთებული ესენჩის საუბრის აუდიოჩანაწერი დღესაც შეგიძლიათ  ნახოთ  ინტერნეტქსელში. 1975-76 წლებში თბილისში ვსწავლობდი, ამის შესაძლებლობა ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით მომეცა. საქართველოში არამარტო ქართულ ენას ვსწავლობდი, არამედ თეორიულად ვიკვლევდი ავარულ და ჩეჩნურ ენებსაც. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი უფრო ახლოს გამეცნო ჩერქეზული ენა, რომელიც ჩრდილო-დასავლურ კავკასიურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, მაგრამ თბილისში ვერავინ ვპოვე, რომ ინგლისურ ენაზე მოეთხრო ჩემთვის ამ ენის შესახებ. სანაცვლოდ, შემომთავაზეს დახმარება აფხაზური ენის შესწავლაში, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი, თუმცა ეს არასოდეს მქონია განზრახული და არც ვაპირებდი სპეციალიზაციას ამ მიმართულებით. სასწავლო წლის ბოლოსთვის ოჩამჩირელ აფხაზ ქალიშვილზე დავქორწინდი და, ამგვარად, ჩემი პირადი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა აფხაზებსა და აფხაზეთს. კემბრიჯში დაბრუნებული, კიდევ ორი წელი ვსწავლობდი სსრ კავშირის არასლავურ ენებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივუბრუნდი ჩემს სადოქტორო კვლევას, რომლის საგანმა სახე იცვალა: ეს იყო აფხაზურ და ქართულ ენებში დამატებითი წინადადების  შედარებით – დაპირისპირებითი სინტაქსური ანალიზი. ბოლოს და ბოლოს დავასრულე ეს ნაშრომი და დოქტორის ხარისხიც დავიცავი. 

-სამოცდაათიან წლებში თქვენ რეგულარულად სტუმრობდით საქართველოში სამდეცნიერო კვლევის, ქართული ენის, ისტორიისა და კუტურის  შესწავლის მიზნით და სასურველ სტუმრად გთვლიდნენ თბილისში, სანამ აფხაზებს დაუჭერდით მხარს.  როგორ დაიწყო თქვენი ნაცნობობა აფხაზურ კულტურასთან და რამ მოახდინა ზეგავლენა თქვენს შეხედულებებზე საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობების საკითხში?

– ბუნებრივია, როცა აფხაზ ქალზე დავქორწინდი, ამ ხალხის უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მომეცა.  ჩემმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბერნარდ კომრიმ  შემომთავაზა ერთერთი დანიური გამომცელობის ლინგვისტური მიმართულების პუბლიკაციების სერიაში ჩაგვერთო  ჩემი წიგნი აფხაზური ენის გრამატიკის შესახებ. ამ დროისათვის ჯერ ისევ  გრძელდებიდა ჩემი მჭიდრო  კავშირები  ქართველებთან და, ბუნებრივია, ღრმავდებოდა ჩემს აფხაზ ნათესავებთან და შესაბამისად  ვგრძნობდი, როგორ იძაბებოდა ურთიერთობა ამ ორ ხალხს შორის. მაგრამ 1987 წლამდე არ მიცდია ღრმად ჩავწვდომოდი ამ დაძაბულობის ჭეშმარიტ მიზეზებს. 1987 წლის ბოლო ხუთი თვე, როცა უნივერსიტეტში შვებულება მქონდა, ვმუშაობდი მეგრული ენის გრამატიკის საკითხებზე და ვაგროვებდი ინფორმაციას  ენობრივ პოლიტიკაზე საბჭოთა საქართველოში. სწორედ ამ კვლევის პროცესში ვნახე, რა ხდებოდა აფხაზეთში სტალინისა და ბერიას წლებში, კერძოდ, დამიგროვდა დიდძალი ინფორმაცია აფხაზთა მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე და მათ შორის მათი ენისა და კულტურის ჩაკვლის მცდელობებზე  1937-1953 წლებში. შევიტყვე ისიც, რომ 1938 წელს აფხაზური შრიფტი გადააკეთეს და მის საფუძვლად ქართული ანბანი აიღეს,  აფხაზური სკოლები დახურეს, აფხაზურ ენაზე პუბლიკაციები აკრძალეს, ხოლო  40 – იან წლებში  აფხაზთა ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში  დეპორტაციის ,,მეცნიერული’’ დასაბუთებისათვის ინგოროყვას ,,თეორიაც’’ გამოჩნდა.

1988 წელს მთხოვეს მონაწილეობა მიმეღო ლონდონის უნივერსიტეტში დაგეგმილ სლავისტიკისა და აღმოსავლეთევროპული ენების სემინარში და წამეკითხა მოხსენება  ენათა მდგომარეობის შესახებ საბჭოთა საქართველოში. მოხსენებაზე მუშაობის დროს გავაცნობიერე, რომ, თუ  ოდესმე  გამოვიყენებდი მთელ ინფორმაციას, რომელიც ამ დროისთვის დამიგროვდა, სამუდამოდ გავანაწყენებდი და დავკარგავდი ავტორიტეტს ქართველთა თვალში. ორი წლის შემდეგ ეს ასეც მოხდა.

-რამ გიბიძგათ დაგეწერათ თქვენი ცნობილი ,,ღია წერილი ქართველ ხალხს’’ 1989 წლის მაისში?

-ოდესღაც თბილისიდან გამოწერილი მქონდა ყოველკვირეული გაზეთი ,,ლიტერატურული საქართველო“ და ორკვირეული გაზეთი ,,სამშობლო“,  1988 წლის შუახანებში  გორბაჩოვის ახალი პოლიტიკის პირობებში   ამ გაზეთებშიც გამოჩნდა საინტერესო სტატიები სტალინისა და ბერიას პერიოდის შესახებ, თუმცა სულ მალე მათ ნაციონალისტური სულისკვეთების პუბლიკაციებიც შეერია, განსაკუთრებით, საბედისწერო 1989 წელს. პირდაპირ შემძრა მასალებმა ეროვნულ უმცირესობებზე და  განსაკუთრებით აფხაზებზე. აშკარა იყო, რომ სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა და მოვლენები საშიში მიმართულებით ვითარდებოდა. გარდა ამისა, 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედია პირდაპირ დაუკავშირეს ,,აფხაზთა საკითხს“, კერძოდ ლიხნის დეკლარაციას, რომელიც იმავე წლის 18 მარტს გამოქვეყნდა.

იმ დღეებში ლონდონის უნივერსიტეტში, სადაც ლექციებს ვკითხულობდი, კონფერენციაზე უნდა წარმედგინა  მოხსენება თემაზე  ,,რატომ გვჭირდება მეგრულის ახალი გრამატიკა?’’, მაგრამ ბოლო წამს შევცვალე თემა და გადავწყვიტე მესაუბრა კრიზისზე აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში. მქონდა საფუძველი მეფიქრა, რომ ქართველების უმრავლესობამ არ იცოდა იმის შესახებ, რა ხდებოდა აფხაზეთში სტალინისა და ბერიას დროს და ვვარაუდობდი, რომ, თუკი  ისინი რეგიონის ისტორიის კურსში ჩადგებოდნენ, შეძლებდნენ  გაეგოთ, რატომ გაუცივდა  გული აფხაზ ხალხს მათ მიმართ.  მეგონა,  გაიგებდნენ, რატომ არ უნდა აყვნენ ნაციონალისტი ლიდერების ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას მიერ აგორებულ  ანტიაფხაზურ ისტერიას. კონფერენციაზე მე ბოლო მომხსენებელი ვიყავი და ყველას გაუკვირდა, რომ ჩემს გამოსვლაში არაფერი იყო ნათქვამი მეგრულ გრამატიკაზე. აუდიტორიაში მყოფი მხცოვანი დოქტორი აკაკი რამიშვილი, რომლის მამა თავის დროზე მენშევიკური საქართველოს მთავრობის მინისტრი იყო და სტალინის აგენტებმა მოკლეს პარიზში 1930 წელს, ადგა და განაცხადა, რომ ჩემი მოსაზრებები უნდა გადავგზავნო თბილისში, რათა ვნახოთ, რა რეაქცია მოყვება იქ ამას. ასე დავწერე დასვენების დღეებში ჩემი ,,ღია წერილი ქართველ ხალხს“.  როცა გადაგზავნამდე იგი ჩემს მეუღლეს წავაკითხე, მითხრა – ,,შენ ქართველებს თოთხმეტი წელია იცნობ და მათი  პატივისცემითაც სარგებლობ. მე კი 30 წელი ვიცხოვრე მათ გვერდით და გაცილებით უკეთ ვიცნობ, ვიდრე შენ.  ნუ გაგზავნი ამ წერილს, რადგან ისინი ვერ შეძლებენ სათანადოდ აღიქვან და მიიღონ იგი   შენი  რეპუტაციის ადამიანისგანაც კი.‘’ მე ეს წერილი მაინც გავგზავნე თბილისში, ხოლო მისი ინგლისური ასლი გადავუგზავნე სოხუმელ მეგობრებს, რომელთაც იგი რუსულ ენაზე თარგმნეს და ყველას დასანახად გამოაკრეს ფილარმონიის შენობის კედელზე . წერილი აქ ორ კვირაზე მეტხანს იყო გამოფენილი და ყველა მსურველს შეეძლო მისი წაკითხვა.

მე მეუღლესთან და  ქალიშვილებთან ერთად   საბედისწერო შეტაკებამდე ერთი კვირით ადრე ჩავედი სოხუმში. 1989 წლის 17 ივლისს ორშაბათ დილას ოჩამჩირეში პარტიული ლიდერი გივი გუმბარიძე ჩამოფრინდა. დაუყოვნებლივ ვთხოვე შეხვედრა და ვკითხე, რატომ არ გამოქვეყნდა ჩემი ღია  წერილი, რომელსაც შეეძლო ჩაეწყნარებინა ნაციონალისტური ისტერია საქართველოში და გადაერჩინა კეთილმეზობლური ურთიერთობები თბილისსა და სოხუმს შორის. გუმბარიძე დამპირდა, რომ  ამ საკითხს თბილისში დაბრუნებისთანავე განიხილავდა. მართლაც, წერილი დაუყოვნებლივ, 21 ივლისს   გამოქვეყნდა  ,,ლიტერატურული საქართველოს “პარასკევის ნომერში!  და მას თან ერთვოდა  ჩემს მიმართ გამოხდომებით  გაჯერებული წერილები. ეს თავდასხმები მომდევნო სამი კვირის მანძილზე გრძელდებოდ საქართველოს ყველა საინფორმაციო საშუალებებიდან. ჩემი მეუღლის პროგნოზები გამართლდა, იმ პარასკევიდან ჩემი სახელი საქართველოში ლაფში იქნა ამოსვრილი. 

-ამ წერილის გამოქვეყნებას უსიამოვნო შედეგები მოყვა, თქვენთვის ფაქტობრივად  საქართველოს კარები დაიხურა. რა გავლენა იქონია ამან თქვენს შემდგომ კვლევებზე, იმ პერიოდში ხომ  ქართული ენის გრამატიკის წიგნზე მუშაობდით?

– როცა ქართული გრამატიკის საფუძვლებზე დავიწყე მუშაობა, ორმოცს ვიყავი გადაბიჯებული. და აი, 1989 წლის ივლისში საქართველოს კარი ჩამეკეტა და თბილისში ენის შესწავლის რესურსები მიუწვდომელი გამიხდა. ამიტომ,  რაკი თვითმასწავლებლისა და გრამატიკის წიგნის დაწერა მქონდა დავალებული,  ადრე შეკრებილი მასალის გამოქვეყნება გადავწყვიტე. ჩემი ამ პუბლიკაციების( როგორც ლინგვისტიკის, ისე სხვა სფეროებში) საფუძველზე 1990 – იანი წლების შუახანებში ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის სტიპდენდია გადმომცეს და თუმცა ურთიერთობები ქართველებთან გამიწყდა, მეცნიერული კარიერა აღმავალი ხაზით გაგრძელდა, რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს ეს.

– აფხაზეთმა სისხლისმღვრელი ომის შემდეგ საქართველოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, 2008 წელს კი მისი დამოუკიდებლობა ჯერ რუსეთმა ხოლო მის კვალდაკვალ გაეროს წევრმა რამდენიმე სხვა ქვეყანამაც აღიარა. თუ შეიცვალა რამე ამ ხნის განმავლობაში დასავლეთის დამოკიდებულებაში აფხაზეთის სუვერენიტეტის მიმართ?  

-ვერ გეტყვით, რომ არის რაიმე არსებითი ცვლილება ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობის წევრთა უმრავლესობის მიდგომებში. მე დღემდე ვთვლი, რომ მიუტევებელი შეცდომა იყო 1992 წელს საქართველოს დადამოუკიდებლობის ცნობა  მის  საჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებში. მაგრამ პოლიტიკოსებს არ სურთ თავიანთი შეცდომების აღიარება, რის გამოც მათი არასწორი  ნაბიჯების გამო მთელ მსოფლიოში იტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები .  ასეთივე ტრაგიკული და არაპროგნოზირებადი იყო შევარდნაძის პოლიტიკის შედეგებიც. მისი გადაწყვეტილება ომი წამოეწყო, ვფიქრობ, განაპირობა  მისწრაფებამ გაეერთიანებინა ქართველი ხალხი, კერძოდ, მოეპოვებინა  დამხობილი პრეზიდენტის  ზვიად გამსახურდიას გვერდით დამდგარი მეგრელების  მხარდაჭერა საერთო ,,აფხაზი მტრის’’ წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა  ამას ვერ მიაღწია და სამოქალაქო ომი სამეგრელოში გრძელდებოდა.

-როგორ გესახებათ აფხაზეთის შემდგომი განვითარების პერსპექტივა და როგორ შეაფასებდით მის შანსებს
ფართო საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით
?

საქართველოს მოთხოვნა პატივი სცენ მის ტერიტორიულ მთლიანობას საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებში, რასაც  ფართო მხარდაჭერა აქვს მსოფლიოში და, აქედან გამომდინარე, მრავალი წელია, 1993 წლიდან,  სხვადასხვა სანქციებს უწესებენ  აფხაზეთს , ისევ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს. ეს გამოიხატება იმაში, რომ აფხაზეთი სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან. საუკეთესო გამოსავალი საქართველოსთვის იქნებოდა გონს მოეგოს და ცნოს აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამას დაუყოვნებლივ მოყვება აფხაზეთის აღიარება მსოფლიო თანამეგობრობის სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ამ ქვეყნებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა ჩადონ აქ თავიანთი ინვესტიციები, რაც ასე ჭირდება აფხაზეთს.  თუმცა მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება თქმა იმისა, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს.

-თქვენ მრავალი წელია აფხაზეთის ინტერესებს წარმოადგენთ დიდ ბრიტანეთში. როგორ მიგიდით  ამ მხრივ მუშაობა, რა სიძნელეებს აწყდებით?

-ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სახის სირთულეებს წავწყდომივარ მრავალი წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც ვლადისლავ არძინბამ დამაკისრა ეს საპატიო პასუხისმგებლობა. ერთხელ მივიღე ნოტა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტიდან, უარი მეთქვა არაღიარებული ქვეყნის საპატიო კონსულის ტიტულზე. მაგრამ, რადგანაც არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს  ვიხსენიებოდე ისე, როგორც მსურს, საგარეო უწყებას არ ჰქონდა არანაირი საშუალება დაჟინებით მოეთხოვა ეს ჩემგან.

-თქვენ კარგად იცით აფხაზური ენა და ფატობრივად პირადი მაგალითით გაფანტეთ მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ამ  უძველესი ენის შესწავლა შეუძლებელია. დღეს, როცა აფხაზური ენის გაქრობის საშიშროება ისე აქტუალურია, როგორც არასდროს,  რას ურჩევდით მათ, ვინც ამ ენის შესწავლა დაიწყო და მათაც, ვინც ცდილობს ასწავლოს იგი?

– დაბეჯითებით შემიძლია ვამტკიცო მხოლოდ ის, რომ   ქართული ენის პრაქტიკულ ცოდნას  ვფლობ, რაც შეეხება აფხაზურს, მე მასში უფრო თეორიულად ვერკვევი. აფხაზური ენის შესწავლა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს მისგან, ვისაც მისი შესწავლა გადაუწყვეტია( სხვა საქმეა , თუკი აფხაზურენოვან გარემოში დაიბადეთ და ცხოვრობთ).  ამ ენის მომავალი არცთუ  უსაფრთხოდ წარმომიდგენია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ  ხალხში, მათ შორის ახალგაზრდებში, აფხაზური მეტყველება ახლა უფრო ხშირად მესმის, ვიდრე ეს რესპუბლიკაში ჩემი პირველი ჩამოსვლისას იყო.
 რაც შეეხება  საზღვარგარეთ მცხოვრებ უცხოელებს, არააფხაზებს, თუკი აფხაზური ენის გასაოცარ სრუტუქტურას გავითვალისწინეთ, ლინგვისტების ინტერესი მის მიმართ არ განელდება, ამ ადამიანებს არ სჭირდებათ სპეციალური, დამატებითი წახალისება და მოწოდება ისწავლონ აფხაზური.  სხვა საქმეა თავად აფხაზეთში მცხოვრებთა წახალისება. ეთნიკური აფხაზებისთვის მშობლიური ენის ცოდნა ბუნებრივი უნდა იყოს და ერთადერთი, რაც ამ მხრივ მშობლებს მოეთხოვებათ, არის ის, რომ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს ადრეული ასაკიდან აფხაზურად და არა რუსულად ელაპარაკონ.  რაც შეეხება აფხაზეთის არააფხაზ მკვიდრთ, კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2015 წლიდან ყველა სახელმწიფო ოპერაცია აფხაზურ ენაზე ხორციელდება, ამიტომ არის იმედი, რომ ისინი თავიანთ შვილებს მოსთხოვენ მეტი ენთუზიაზმით ისწავლონ ეს ენა სკოლაში. აფხაზური ენის მასწავლებლებს პირველ რიგში მაღალი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ, დაენიშნოთ ღირსეული ხელფასები და რაც მთავარია, უნდა გააცნობიერონ,  რომ მნიშვნელოვანი ფასეულობების მატარებლები და გადამცემნი არიან. ხალხის ენა არის საფუძველი, რომლის გარეშეც  მისი თვითმყოფადობის შენარჩუნება შეუძლებელია. ამ მხრივ, შესაძლოა ,1992-93 წლების ომის ტრაგედიის ერთადერთი დადებითი შედეგი იყოს ის, რომ აფხაზებმა უკეთ გააცნობიერეს, რაშია  სიმდიდრე, რომელსაც ოდითგან ფლობენ. ვიმედოვნებთ, ანალოგიურად გამოფხიზლდებიან მეგრელებიც, იქნება ეს აფხაზეთში თუ თავად სამეგრელოში,  სანამ მათი ენა არ გამქრალა.

-შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე თქვენ ცნობილი გახდით უფრო  როგორც კონფლიქტოლოგი და დიპლომატი და არა სწავლული – კავკასიოლოგი? ამას გეკითხებით გამომდინარე თქვენი მრავალრიცხოვანი სტატიებიდან და პუბლიკაციებიდან ქართულ- აფხაზური ურთიერთობების შესახებ და ამასთან  მოღვაწეობიდან დიდ ბრიტანეთში აფხაზეთის საპატიო კონსულის პოსტზე.

– რამდენადაც ჩემი პირველი წონადი პუბლიკაცია დაკავშირებული იყო აფხაზურ გრამატიკასთან, ჩემი კოლეგა-ლინგვისტები მრავალი წლის მანძილზე აფხაზური ენის სფეროს  სპეციალისტად მთვლიდნენ. მე ამას არასოდეს ვიზიარებდი, რადგან თავს ქართული ენის სპეციალისტად ვთვლი. მიუხედვად იმისა, რომ აფხაზეთის საპატიო კონსული ვარ, ვერ  ვიტყვი, რომ დიპლომატად აღვიქვამ თავს.  ბოლოს და ბოლოს მე იორკშირელი ვარ, იორკშირელებს კი  გვჩვევია ვილაპარაკოთ ისე, როგორც ვფიქრობთ, ეს კი დიპლომატებს არ ახასიათებთ. საერთოდ,  იორკშირელებისთვის ჯობია უარი თქვან დიპლომატობაზე, თუკი არ აპირებენ თავიანთი წარმოშობით ტრაბახზე  აიღონ ხელი. რაკი ქართველები ჩემში ერთერთ აფხაზთაგანს  ხედავენ, ვეჭვობ, რომელიმე მათგანი მიიღებს ჩემს რჩევას კონფლიქტოლოგიაში. მე ერთგული ვრჩები იმისა, რასაც მრავალი წელი  ვამბობდი საქართველოზე –  ნაციონალისტური ისტერიის თავიდან ასაცილებლად მან უნდა განავითაროს  კარგი ურთიერთობები თავის უმცირსობებთან: აღიაროს აფხაზეთი, რაც მისივე ინტერესებში შედის და ხელი აიღოს ნატოში გაწევრიანების ზრახვებზე, რაც წითელი ნაჭრის ფრიალია   რუსული დათვის წინაშე. ამის სანაცვლოდ  საქართველოს ხელისუფლებას უჯობს უკეთ  ემსახუროს თავის მოქალაქეთა  ინტერესებს. ასე რომ, მირჩევნია აღმიქვამდნენ მხოლოდდამხოლოდ ლინგვისტად, კავკასიური ენების სპეციალისტად

– მოდით, ვილაპარაკოთ უშუალოდ თქვენს მეცნიერულ საქმიანიბაზე. რაზე მუშაობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? გრჩებათ კი საკმარისი დრო მეცნიერული კვლევისთვის?

– ამ ხუთიოდე წლის წინათ  აფხაზური ენის თვითმასწავლებელი გამოვაქვეყნე, ახლა კი მინდა კიდევ საკმარისად ვიცხოვრო იმისათვის, რომ დავასრულო კომპლექსური მუშაობა აფხაზური ენის გრამატიკაზე.  ამჟამად ვახდენ რედაქტირებას სახარების აფხაზური თარგმანისა, რომელიც ჩემს მეუღლესა და მუშნი ლასურიას ეკუთვნის. მათ იგი რუსული ენიდან თარგმნეს, მე კი მას ძველბერძნულ თარგმანთან შედარების საფუძველზე ვასწორებ.  ამას გარდა, ხელთა მაქვს სახარების კიდევ ერთი აფხაზური თარგმანი, რომელიც 1912 წელს არის შესრულებული და ვსწავლობ,  როგორ მუშაობდნენ სხვადასხვა მთარგმნელები ერთსა და იგივე ტექსტზე. ასე რომ ჩემი მომავალი შრომები გრამატიკის სფეროში ბიბლიურ ტესქტებთან იქნება დაკავშირებული.  

-თქვენს მორიგ დაბადების დღეს  აფხაზეთში ხვდებით. როგორ აპირებთ ამ დღის გატარებას?

-არ იქნებოდა ცუდი, სადმე გავსულიყავი და მექეიფა ახლობლებთან ერთად, მაგრამ ჩემი მეუღლე, სამწუხაროდ, მგლოვიარეა , ამასთან უახლოეს დღეებში საშინელ უამინდბასაც წინასწარმეტყველებენ. ამიტომ ამ დღეს, ალბათ, ისევ ჩვენს ბინაში აღვნიშნავთ, უახლოესი ნათესავების გარემოცვაში.  

.  

11 ნოემბერი,2015
Sputnik Абхазия: http://sputnik-abkhazia.ru/

 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...