დღეს აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ,,ცოდნის დღე'' გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გალის სკოლების მოსწავლეეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებსაც მიულოცა, თუმცა ადრესატები ახლაც გაურკვევლობაში არიან, როგორი იქნება ეს წელი მათთვის იმ ამორფული და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების ფონზე, რომელთაც მთელი ზაფხულის მანძილზე და უფრო ადრეც აკეთებდა დე ფაქტო აფხაზეთის განათლების სამინისტრო.
კერძოდ, ამ განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ უნდა აღმოფხვრილიყო ,,დაბალ ზონაში ბავშვების ქართულ ენაზე სწავლების მანკიერი პრაქტიკა'' , რისთვისაც მიმდინარეობდა დაბალი ზონის სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლების გადამზადება იმგვარად, რომ მათ შეძლონ სასწავლო პროცესის რუსულ ენაზე წარმართვა, მიმდინარეობდა აგრეთვე მზადება ქართული სახელმძღვანელოების ჩანაცვლებისთვის აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოებით.
ამრიგად, ოფიციალურად დიდი ხანია გამოცხადებულია, რომ ქართულ ენაზე სწავლება 1 სექტემბრიდან აკრძალულია, უფრო კონკრეტულად, ქართული ენის, როგორც უცხო ენის გაკვეთილს მხოლოდ 1 საათი დაეთმობა, ყველა სხვა გაკვეთილი ძირითადად რუსულ და ნაწილობრივ აფხაზურ ენებზე წარიმართება ( ამის შესახებ 2014 წელს სპეციალური კანონიც კი იქნა მიღებული), მაგრამ ვერც ახალი სასწავლო წლის დაწყებამ გასცა პასუხი კითხვას, მოხდება თუ არა ეს რეალურად იმ პირობებში, როცა რუსულისა და, მით უფრო, აფხაზური ენის მცოდნე პედაგოგების დეფიციტი არათუ გალში, მთელ აფხაზეთში იგრძნობა. უპასუხოდ რჩება კითხვაც, ჩანაცვლდება თუ არა ქართული სახელმძღვანელოები აფხაზურით. ოკუპირებული აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამია სოხუმის მედიაში მთელი ზაფხული დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ გალის სკოლებში აუცილებლად იქნება შეტანილი აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აფხაზური ენის, აფხაზეთის ისტორიის, გეოგრაფიისა და სხვა საგნების სახელმძღვანელოები აფხაზურ და რუსულ ენებზე . ,,ამ მხრივ პრობლემა არ არის და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გალის სკოლების ამ სახელმძღვანელოებით მომარაგების (ნაწილობრივ უფასოდაც ) საქმეში'' –აცხადებდა იგი, რაც იმთავითვე არადამაჯერებლად ჟღერდა იმ ფონზე, როცა თავად აფხაზი მშობლები და პედაგოგები უჩივიან აფხაზურ-რუსული სასკოლო სახელმძღვანელოების დეფიციტსა და სიძვირეს. ზოგადი გამოთვლებით, ბავშვის ელემენტარული საკანცელარიო ნივთებით მომარაგება 500 რუსული რუბლი ჯდება, ხოლო სახელმძღვანელოები – გაცილებით მეტი, 15 ათასიდან – 75 ათასამდე ( ერთი სახელმძღვანელო საშუალოდ 500 რუბლი ღირს) , ეს კი ბევრი ოჯახისთვის, რომელსაც შვილი (და თან არაერთიც) მაღალკლასელი ჰყავს, საყოველთაო სიდუხჭირის ფონზე ასტრონომიულ თანხას წარმოადგენს. ,,ოდიში ნიუსის'' ინფორმაციით, წლეულს გალის სკოლებში ეს სახელმძღვანელოები მართლაც იქნა შეტანილი, მაგრამ უმნიშვნელო, ძალიან შეზღუდული რაოდენობით, რაც, საბედნიეროდ, არ არის საკმარისი ქართული ( თუნდაც სოხუმელი რევიზორებისაგან მალულად გამოყენებული) სახელმძღვანელოების გამოდევნისთვის გალის სკოლებიდან.
პასუხგაუცემელი რჩება კითხვაც, სად არიან ის გადამზადებული მასწავლებლები, ვინ დაეუფლა ერთთვიან კურსებზე აფხაზურ ენას პედაგოგისთვის აუცილებელ დონეზე, ან შეეხება თუ არა გალელ მასწავლებლებს ( გალელებს, თორემ გალში აფხაზეთის სხვა რაიონებიდან ჩასულ მასწავლებლებს აქამდეც ადგილობრივებზე მაღალი ხელფასები ენიშნებოდათ და ამასთან სპეციალური დანამატიც მგზავრობისა და ბინის ქირისათვის ) ხელფასების გაზრდა, რომელსაც მთელი აფხაზეთის პედაგოგებს პირდებოდა დე ფაქტო მთავრობა, თუმცა კი კვლავ გარკვეული სტრატიფიკაციით ანუ განსხვავებული ოდენობით სხვადასხვა რაიონების მასწავლებლებისათვის.
ასეა თუ ისე, აფხაზეთის განათლების სამინისტროს გეგმებს გალში ქართული ენის კიდევ უფრო შევიწროების შესახებ ხსენებული მეთოდებით ჯერჯერობით ახდენა არ უწერიათ, როგორც ჩანს, მათ სასურველი შესაძლებლად მიიჩნიეს ან აფხაზი ურაპატრიოტების საამებლად ირჯებოდნენ, როცა გალის სკოლებიდან ქართული ენის აღმოფხვრაზე ლაპარაკობდნენ.
ცალკე საკითხია, რომ ქართული სახელმძღვანელოებით სწავლა ბავშვებს, განვლილი წლების მანძილზე არსებული ფაქტობრივი ( თუმცა კი არაოფიციალური) აკრძალვის მიუხედავად, არათუ დაბალ ზონაში, ქალაქ გალსა და გალის ზედა ზონის სოფლებშიც არ შეუწყვეტიათ. სოხუმი თვალს ხუჭავდა ამაზე იმიტომ, რომ, თავისივე რიტორიკის მძევალი იყო და, თუ შეიმჩნევდა, ან სულ უნდა დაეხურა ეს სკოლები, რასაც საერთაშორისო რეაქციის შიშით თავს არიდებდა, ან შეექმნა ყველა პირობა ქართული სახელმძღვანელოების და პედაგოგთა კადრების ჩანაცვლებისთვის. შესაბამისად, ოფიციალური სოხუმი კმაყოფილდებოდა იმით, რომ ზედა ზონაში ფორმალურად თუ ნაწილობრივ რეალურადაც არა ერთი და ორი საგანი ისწავლებოდა რუსულ და აფხაზურ ენებზე ანუ იმით, რომ ამ ზონაში მეტი შეძლო, ვიდრე დაბალში. რაც შეეხება საზღვრისპირა ზონას, აქ ქართულ ოჯახებს, ზედა ზონისგან განსხვავებით, ჰქონდათ თუმც რთული, მაგრამ მაინც რეალური ალტერნატივა – ქართული განათლების მისაღებად ახლომდებარე ზუგდიდისა და წალენჯიხის სოფლების სკოლებში მიებარებინათ ბავშვები. თუ სოხუმი მეტისმეტად მოუჭერდა მარწუხებს, შესაძლოა ეს მასობრივი გამხდარიყო და სკოლები თავისთავად დახურულიყო, რაც ხელს არ აძლევდა სოხუმს ისევ და ისევ ზემოთხსენებული მიზეზით.
ცალკე საკითხია აგრეთვე ის, რომ ბოლო წლებში დაბალ ზონასაც შებედეს. ზოგი ამას დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებაში, ზოგი საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებებით ხსნის ანუ პირველის შემტევი განწყობით და მეორის ინდიფერენტულობითა დადაგვიანებული რეაქციებით. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების დამსახურება არ არის, რომ დღეს ოფიციალური სოხუმი არ შეხებია ქართულ ენაზე და საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამებით სწავლების აკრძალვის საკითხს, ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს გალის ადმინისტრაციის მეთაურს თავის მისალოც მიმართვაში. როგორც აფხაზური მედია და პოლიტიკური ოპოზიცია ვარაუდობდა, პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პირველი სექტემბრიდან ქართულ ენაზე სწავლების მთლიანად ჩანაცვლებას რუსულ ენაზე სწავლებით გალის ყველა და მათ შორის დაბალი ზონის სკოლების დაწყებით კლასებში მაინც, უბრალოდ ჩავარდა. ეს კი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება იმას, რომ რუსეთიდან დაპირებული თანხები ამ სფეროშიც ბლეფი აღმოჩნდა.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას სოხუმის პერმანენტულ განცხადებებზე აფხაზეთის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების დაუშვებლობის შესახებ და, მით უმეტეს, ამ განცხადებების რეალიზაციის პრაქტიკულ მცდელობებზე: არის, რა თქმა უნდა, მისი წვლილიც იმაში, რომ ეს საკითხი მწვავედ დადგა ჟენევის დისკუსიებზე, მაგრამ აუცილებელი არ არის ჟენევის დისკუსიებს და 1 სექტემბერს დაელოდო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის ამაზრზენ ფაქტებს განცხადებით მაინც გამოეხმაურო. დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები პირველი სექტემბრიდან აფხაზეთის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის ( ფაქტობრივად აკრძალვის) გადაწყვეტილების შესახებ დღევანდლამდე გაცილებით ადრე იყო გამოქვეყნებული და ,,პაატა ზაქარეიშვილის დღევანდელი რეაქცია ერთი წლის წინათ გარდაცვლილის ახალივით შეცხადებას ჰგავს'' – ამბობენ გალში ჩვენი რესპონდენტები.