აფხაზეთში ჯერაც არ ჩამცხრალა ვნებათა ღელვა, რომელიც აფხაზი ახალგაზრდების საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად თბილისში გამგზავრებას მოჰყვა. ხელისუფლების, პოლიტიკური წრეების, საზოგადოების მკვეთრ განცხადებებს ამ ახალგაზრდების მიმართ თანდათან ენაცვლება ამ ფაქტის უფრო ღრმა ანალიზის მცდელობა. წინამდებარე სტატია, რომლის ავტორია ანტონ კრივენიუკი, მსგავსი ანალიზის ერთერთი პირველი ცდაა.
გთავაზობთ სტატიის თარგმანს უმნიშვნელო შემოკლებით
როგორ გავიმარჯვოთ ,,შინაგან ქართველზე’’ საკუთარ თავში?
რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც განსაზღვრება ,,ოქროს თაობა’’ მიესადაგება, თბილისში გაემგზავრა ,,ბარსელონასა'' და ,,სევილიის'' საფეხბურთო მატჩის სანახავად. სკანდალი მწიფდება.მაგრამ რჩება შთაბეჭდილება , რომ ზოგიერთს ფარულად შურს კიდეც ამ სპორტული ტურისტებისა.
სოხუმელთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები თბილისში დადიან არა ისე, როგორც დადიოდნენ ისინი, ვინც ახლა ორმოცდაათი და მეტი წლისაა. ადრე ეს მოგზაურობა საიდუმლო ბურუსში იყო გახვეული: თბილისში ყოველთვის შეხვდებოდი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებს აფხაზეთიდან, მაგრამ ყოველთვის იყო ცხადი, რისთვის ჩადიოდნენ ისინი იქ.
ამჯერად საქმე სხვაგვარადაა: ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს სოციალურ ქსელებში დეტალური ფოტოანგარიშები ახალგაზრდების თბილისურ შეხვედრებსა და განწყობებზე. ისღა დაგვრჩენია მხოლოდ მივესალმოთ ასეთ ღიაობას. ახალგაზრდები დანადვილებით ფიქრობენ, რომ ცუდს არაფერს ჩადიან.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. საქართველოში ისე უბრალოდ, როგრც რუსეთში ვერ გაემგზავრები. ამისთვის სპეციალური დოკუმენტებია საჭირო, მათ გარეშე საზღვარს ვერ გადალახავ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ახალგაზრდებმა ენგური ფონდაფონ გატოპეს. მათზე საშვები ფეხბურთზე დასაწრებად გამგზავრებისთვის ალბათ მაინც სახელმწიფო უშიშრების სამსახურმა გასცა, და თუ ასეა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზროვნების ერთგვარი მოდერნიზაცია ხდება.
ახლა უფრო მნიშვნელოვანზე. ახალგაზრდების საქციელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სტერეოტიპებს, რომელნიც აფხაზეთში მისი გეოგრაფიული სიმცირის გამო განსაკუთრებით დიდ ზეწოლას ახდენენ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.
ცხადია, რომ ამ ახალგაზრდების მსგავასად ბევრი ისურვებდა თბილისში გამგზავრებას, მაგრამ შესაძლო საზოგადოებრივი ,,ობსტრუქციის“ შიშით უკუაგდო ამაზე ფიქრიც კი. მთელი ეს ისტორია ლაპარაკობს იმაზეც, რომ ქვეყანაში უკვე არის ან ყალიბდება ადამიანთა წრე, რომელთა შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ,,საზოგადოებრივი სტანდარტებისგან’’.
ეს თემა უეჭველად მოითხოვს შემდგომ ანალიზს, რადგან ისეთ მცირე კულტურაში, როგორიცაა აფხაზური, არსებობს გარკვეული ნაკრები საერთო შეხედულებებისა ცხოვრებაზე, სამყაროზე, იგივე საქართველოსთან დამოკიდებულებაზე. ეს შეხედულებები მუდამ პრევალირებდნენ საზოგადოებრივ ცნობიერებაში, აქ კი მოულოდნელად წავაწყდით სრულიად ახალ ტრენდს, რომლის ანალიზი აუცილებელია.
შემდეგ. წყენა თბილისში გამგზავრებული ახალგაზრდების მიმართ ძირითადად გაჩნდა იმის გამო, რომ მათ უგულვებელყვეს შეგონება უფროსებისა, რომელთაც საქართველო შეიტანეს შავ სიაში როგორც მრავალსაუკუნოვანი მტერი, რომელთანაც რაიმე სახის ურთიერთობა დაუშვებელია. და თუ ქართველებთან კომუნიკაციის სასიცოცხლო აუცილებლობა შეიქმნა, ეს უნდა მოხდეს ჩუმად, ზედმეტი დაფისა და ნაღარის გარეშე, ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში ისეთი ფოტოების განთავსების გარეშე, საიდანაც ზღვა პოზიტიური ემოცია იღვრება მთაწმინდიდან გადაშლილი თბილისის პანორამის ფონზე.
გასაგებია, რომ უფროსი თაობა საჭიროებისდა მიხედვით – იქნება ეს ნათესაური, რიტუალური თუ სამედიცინო აუცილებლობა – თავადაც ჩადის თბილისში, ჩააქვს საჩუქრები ნათესავებისთვის და მათთან ერთად სვამს მშვიდობის სადღეგრძელოს. მაგრამ ეს ყველაფერი უჩუმრად ხდება.
თუმცა არის ცხოვრებისეული პრაქტიკა, რომლის იგნორირება შეუძლებელია , როცა საქართველოსადმი დამოკიდებულებას ეხება საქმე. ომის წლები სულ უფრო გვშორდება. მათ თან მიაქვთ დრამატული ემოციები და განცდები . ცხოვრებაში შემოდის ახალი თაობები, რომელთა ნაწილი ომის შემდეგაც კია დაბადებული.
ბუნების კანონია, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, ოცი წლის შემდეგ ისეთივე სიმძაფრით აღარ განიცდის მას, როგორც პირველ დღეებში.ყველანი ჭკუიდამ შევიშლებოდით, მუდამ ერთნაირი ძალით რომ განგვეცადა თავს გადახდენილი.
რაც შეეხება საზოგადოებას. რაოდენ დრამატული მოვლენებიც არ უნდა ჰქოდეს მას გადატანილი, თაობები, რომელთაც ეს ახსოვთ, ბოლოს მაინც მიდიან, ხოლო შთამომავლობას მათი განცდები მხოლოდ სიმბოლურად რჩება. მათ არ ძალუძთ ამ მოვლენების დრამატული განცდა ისეთივე სიმძაფრით, როგორც მათ უშუალო მონაწილეებსა და თვითმხილველებს. ასე არ ხდება. მაგრამ ერთი კია, განათლების სისტემა იმისთვის არსებობს, რომ ახალი მოქალაქეები სახელმწიფოს ფუძემდებლურ ფასეულობებზე აღზარდოს . ჩვენ კი დიდი პრობლემები გვაქვს სახელმწიფოებრიობის ,,ხარისხში’’ , ჩვენმა სახელმწიფომ ვერ შეძლო ვერანაირი განათლების სისტემის შექმნა. აბა, გავიაროთ სკოლებში, ვკითხოთ მოსწავლეებს, როდის დაიწყო ომი და მაშინ ყველაფერი ცხადი გახდება.
სწორედ ამიტომ ცვლილებები საქართველოსადმი დამოკიდებულებაში გარდუვალად მოხდება. ეს ურთიერთობები რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფრო მშვიდი გახდება. ადამიანები ივლიან იქითაც და აქეთაც და ეს ალბათ ვერანაირ საშიშროებას ვერ შეუქმნის ქვეყნის მომავალს.
უნდა გავიგოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: თაობას, რომელიც ქვეყანას ეზრდება და მალე დაიკავებს თავის ადგილს მის ცხოვრებაში, არა აქვს არანაირი რეალური, ცოცხალი კონტაქტი ქართულ გარემოსთან. მათ არ უცხოვრიათ ქართველებთან ერთად, არ უმუშავიათ, არ უსვამთ მათთან, არ უშვიათ შვილები შერეული ქორწინებით. ისინი ვეღარ არჩევენ ქართულ ენას მეგრულისაგან, მათთვის ქართველები და მათი საქართველო უბრალოდ მეზობელი ქვეყანაა, ისევე, როგორც სომხეთი და თურქეთი. , უფროს თაობებისთვის დამახასიათებელი კომპლექსები კი სწორედ იმით საზრდოობს, რომ ისინი მეტად ახლოს იყვნენ ქართველებთან. ისინი ერთად იზრდებოდნენ და ცხოვრობდნენ, მეგობრები და ნათესავები იყვნენ. უხეშად რომ ვთქვათ, მათი რადიკალიზმი აღმოცენებულია შიშზე საკუთარი თავისადმი. რადიკალები მეტწილად ებრძვიან ,,შინაგან ქართველს'' საკუთარ არსებაში, რომლის გამოდევნა ვერა და ვერ შეძლეს. ახალ თაობას ეს პრობლემა უბრალოდ არა აქვს. მათ ვერ მოატყუებ, რადგანაც მათთვის აფხაზეთი უბრალოდ აფხაზეთია. მათ არა აქვთ შინაგანი დისკურსი იმის თაობაზე, რა და როგორ შეიძლება მომხდარიყო.
და ბოლოს ცხოვრების პროზაზე. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ დროში, როცა ,,ა'' წერტილიდან ,,ბე'' წერტილამდე ჩასასვლელად ორი კვირის გატარება ურემში უხდებოდათ. ყველა მანძილი შემცირებულია და ხალხს ვეღარ გამოაპარებ, რა არის მეზობლებთან ჩვენზე უკეთ და რა –უარესად.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ საქართველოში მედიცინა უკეთესი იქნება, ადამიანები იქ ივლიან სამკურნალოდ, თუ ქართული პროდუქტები ჩვენსაზე იაფი იქნება, მათ აფხაზეთში გაყიდიან. თუ თბილისში მესი ჩამოფრინდება, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც მასთან შესახვედრად გაემგზავრება. ერთი სიტყვით, თუ სადღაც რაღაც უკეთ არის, ვიდრე ჩვენთან, ადამიანები უეჭველად ისარგებლებენ ამით. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთსაც. ამიტომ კარგა ხანია გვმართებს პოლიტიკური ნებელობის გამოჩენა იმისათვის, რომ განვდევნოთ და ციხეებში ჩავყაროთ კორუმპირებული და კრიმინალური ელიტა და სახელმწიფოს მშენებლობას მოვკიდოთ ხელი. ასეთ შემთხვევაში, მართალია, მესი იქნებ სოხუმში მაინც არ ჩამოფრინდეს, მაგრამ შესაძლოა ნორმალური ჯანდაცვა და განათლება გვექნეს, ხოლო კარტოფილი გაიაფდეს მაინც.
ანტონ კრივენიუკი
sukhum-moscow.ru