სასწავლო პროცესი გალის სკოლებში რუსულ ენაზე წარიმართება – აცხადებს ე.წ. აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილე გვარამია

0
496

ე.წ. აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამია საინფორმაციო სააგენტო  ,,აბხაზია ინფორმისათვის’’ გუშინ მიცემულ ინტერვიუში გალის რაიონში განათლების სფეროში შექმნილ სიტუაციას აფასებს.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ იქ შექმნილი მეტად რთული სიტუაცია არა ერთ და ორ წელს ითვლის, მაგრამ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს –   აცხადებს იგი – ბავშვების სწავლება დაბალ ზონაში პრაქტიკულად მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ახლა ჩვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ  ეს სიტუაცია და ამაში მხარს გვიჭერენ გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაიაც და იქაური განათლების განყოფილების მუშაკებიც.  

ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება დაბალი ზონის სკოლების დაწყებითი კლასების მასწავლებლების გადამზადება,  აქ განსაკუთრებით დიდი პრობლემებია. თავად ქალაქში და ზედა ზონაში სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია – იქაური ბავშვები მრავალი წელია მონაწილეობენ და იმარჯვებენ რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, ხოლო სკოლის კურსდამთრავრებულები სწავლას აგრძელებენ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

დაბალ ზონაში, როგორც აღვნიშნეთ, ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა, ფაქტიურად ესეც განსაზღვრავს აქედან მოსახლეობის გადინებას, რადგან ახალაზრდები, რომელნიც  განათლებას ქართულ ენაზე იღებენ, სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში მიემგზავრებიან და მათი ინტეგრაცია აფხაზეთის შიდა ცხოვრებაში ვერ ხერხდება.

პრობლემებია სასწავლო ლიტერატურასთან დაკავშირებითაც,  ბევრ სკოლაში საგნებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით ასწავლიან, ეს კი მხოლოდ საგანმანათლებლო პრობლემა  არ არის, რადგან  რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.

კითხვაზე, თუ რას მოიცავს დაწყებითი კლასების მასწავლებლების გადამზადების პროგრამა, დიმიტრი გვარამია პასუხობს, რომ გადამზადების მიზანია .დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესის რუსულ ენაზე გადაყვანა  და მასწავლებლების გადამზადება იმგვარად, რომ მათ შეძლონ სასწავლო პროცესის რუსულ ენაზე წარმართვა.

დიმიტრი გვარამია ინტერვიუში ლაპარაკობს კვალიფიციური პედაგოგების საკადრო დეფიციტზე მთელ რესპუბლიკაში და მათ შორის გალის რაიონშიც. არის საგნები, რომელთა სწავლებისათვის პედაგოგების რაოდენობა საკმარისზე მეტია, მაგრამ არის საგნებიც, რომელთა სპეციალისტები სანთლით არის საძებარი. საზოგადოდ კადრების მომზადება საერთო რესპუბლიკური პრობლემაა, ხოლო იმაზე, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას  გალის რაიონში, ლაპარაკიც ზედმეტია. ეს პირველ რიგში ეხება აფხაზური ენის მასწავლებლების უკმარისობას  მთელ რესპუბლიკაში და, მით უმეტეს, გალის სკოლებში.   მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში შემოღებულია აფხაზური ენის მასწავლებლების რესპუბლიკური დოტაცია, რომელიცმ  თუ არ ვცდები, იგი ხუთი ათას რუბლს შეადგენს, საქმე აქამდე ვერ წავიდა წინ.  

უნდა მომზადდეს ადგილობრივი კადრები – რაიონულ ბიუჯეტსაც და რესპუბლიკურსაც მძიმედ აწვება  გალში სამუშაოდ მასწავლებლების  სხვა რაიონებიდან გადაყვანა. მართალია, კანტი–კუნტად ადგილზეც  არიან აფხაზური ენის მასწავლებლები, მაგრამ  უფრო  სხვა რაიონებიდან ჩასულები  ჭარბობენ. განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემის გადაჭრისათვის, რადგან აფხაზური ენის დაცვა – შენარჩუნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა.

კითხვაზე, ჩანაცვლდება თუ არა ქართული სახელმძღვაბელოები აფხაზურით მოახლოებული ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან, გვარამია პასუხობს, რომ არსებობს აფხაზეთის ისტორიისა და სხვა საგნების აფხაზური სახელმძღვანელოები. ,,ჩვენ არა გვაქვს უფლება დავუშვათ სწავლების გაგრძელება ქართული სახელმძღვანელოებით, რომლებშიც უარყოფილია აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობაც კი.

მათ, რა თქმა უნდა, აუცილებლად შევცვლით და  სკოლებში შევიტანთ აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოებს.'' – აცხადებს გვარამია.

 

წინა სტატიახმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
შემდეგი სტატიააგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური