ხალიფატის დასასრულის დასაწყისი

0
611

ხალიფატის წინააღმდეგ თურქეთის გამოსვლამ შეიძლება დაასრულოს ისლამისტური პროექტი,  ან აღასრულოს ძველი წინასწარმეტყველება – ახალი ძალა შესძინოს, მეორე სუნთქვა გაუხსნას  ისლამისტებს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების მეხუთე მექანიზირებული ბრიგადის ტანკებმა და არტილერიამ,  რომელიც სირიის საზღვართან არის კონცენტრირებული, დარტყმების სერია მიაყენა ისლამისტური სახელმწიფოს სამიზნეებს, გაანადგურა რამდენიმე საბრძოლო მანქანა და ისლამისტ მებრძოლთა დაუდგენელი რაოდენობა, ამასთან, თურქეთის სამხედრო – საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს ხალიფატის შტაბები და მომარაგების ბაზები სირიის ტერიტორიის სიღრმეში. საბრძოლო მოქმედებების ზონისკენ მიემართება დამატებითი სამხედრო ძალები, საჰაერო სივრცეში განუწყვეტლივ მორიგეობს ავიაცია.

ეს ყველაფერი წარმოადგენს ანკარის პასუხს ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლთა მიერ ერთი თურქი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობასა და ხუთის დაჭრაზე , როცა ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ აღეკვეთათ მათი მცდელობა უკანონოს, ფარულად   შემოსულიყვნენ ქვეყანაში  სირიის მხრიდან და პასუხად ისლამისტებისგან  ცეცხლი მიიღეს. .

ამ თავდასხმამდე ორი დღით ადრე ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლებმა ტერორისტული აქტი განახორციელეს ქალაქ სურუჯში, რასაც თურქეთის 30 მოქალაქე ემსხვერპლა. ტერაქტს, თავის მხრივ, წინ უძღოდა ისლამისტური სახელწიფოს მომხრეთა  მასობრივი დემონსტრაციები სტამბულსა და სხვა ქალაქებში, რომელთა მონაწილეების მხრიდან ღიად ისმოდა მოწოდებები  თურქეთის ,,მარიონეტიული ხელისუფლების'' წინააღმდეგ  ომისკენ, მისი  დამხობისა და   ქვეყანაში  ისლამისტური ხელისუფლების დამყარებისკენ.

პასუხად ანკარამ  ისლამისტურ სახელმწიფოსთან მეტნაკლებად დაკავშირებული ასობით ადამიანი დააკავა, რამაც გამოიწვია    სიტუაციის სწრაფი ესკალაცია, რამაც საბოლოო ჯამში თურქეთი ისლამისტურ სახელნწიფოსთან ომში ჩაითრია.

ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ანკარა უკანასკნელ წლებში მთელი ძალით ცდილობდა ხელი არ შეეშალა ხალიფატისთვის, რომლის მიზანი სირიის დიქტატორის ბაშარ ასადის დამხობა იყო, რაც თურქეთის ინტერესებშიც შედიოდა.

ისლამისტების მიმართ დაყვავებისა და მათ საქმეში ჩაურევლობის პოლიტიკამ თურქეთი მიიყვანა იქამდე, რომ იგი გადაიქცა ,,ჯიხად – შოსედ“ – ანუ მთავარ სატრანზიტო ქვეყნად მთელი მსოფლიოს ისლამისტებისათვის, რომელნიც ხალიფატში მოხვედრას თურქეთის გავლით ცდილობდნენ. 

ამ ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე ბრძოლებში დაჭრილი ისლამისტი მეომრების მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის,  ფულადი სახსრებისა  და ახალ მოხალისეთა შეგროვებისთვის ისლამისტურმა სახელმწიფომ თურქეთში შექმნა ფართო და განტოტვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულიად თავისუფლად მოქმედებდა.

ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი იყო ჩართული თურქეთში ისლამისტური სახელმწიფოს ინტერესების გატარებაში, მაგრამ სპეციალისტები თვლიან, რომ ისინი იმდენად ბევრნი არიან,  მათგან თუნდაც რამდენიმე ასეულის დაკავებამაც კი  შეუძლებელია რადიკალურად  შეარყიოს ისლამისტების პოზიციები თურქეთში და მით უფრო    სერიოზული დარტყმა მიაყენოს მათ.

ამკარასთან  ტერორისტული ქსელის წევრთა გამოვლენისა და ნეიტრალიზაციისათვის თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ვაშინგტონმა, რომელიც დიდი ხანია გამოდის   თურქეთში მოქმედი ისლამისტური სახელმწიფოს უჯრედების ლიკვიდაციისა  და ხალიფატში მოხალისეთა  ტრანზიტის აღკვეთისათვის  ერთობლივი ბრძოლის მოწოდებით,  თუმც კი აქამდე ეს მოწოდება უპასუხოდ რჩებოდა.

ამჯერად სათანადო შეთანხმება მიღწეულ იქნა ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების – ბარაქ ობამასა და რეჯეფ ტაიპ ორდოღანის სატელეფონო საუბარში, რომელიც 23 ივლისს შედგა.

შეთანხმებაში  ერთერთ პუნქტად შევიდა ანკარის ნებართვა  ამერიკისა და ნატოს საჰაერო – სამხედრო ძალებისათვის გამოიყენონ თურქეთის ავიაბაზები დაზვერვითი გაფრენებისთვის ისლამისტური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების თავზე.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, იქნება თუ არა ეს ავიაბაზები გამოყენებული –  და საერთოდ, ანკარაცა და ვაშინგტონიც მაქსიმალურად იკავებენ თავს ორ პრეზიდენტს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის კომენტირებისაგან , რაც იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მათ შორის არსებობს სხვა საიდუმლო გარიგებაც .

ძნელია გადაჭარბებით შეაფასო ისლამისტურ სახელმწიფოსთან ომში თურქეთის ჩაბმისა და მის მიერ აშშ – სა და ნატოსთვის ავიაბაზების გამოყენების ნებართვის გაცემის მნიშვნელობა.

ხალიფატი თურქეთის ტერიტორიის გავლით ახორციელებს თავისი საგარეო საქმიანობის, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობის დიდ ნაწილს. ნავთობის კონტრაბანდის ამ შესაძლებლობის დაკარგვა განუზომელ დარტყმას მიაყენებს  მის  ეკონომიკურ ბაზას, ხოლო საზღვრების გადაკეტვა მოხალისეებისა და მარაგ – ტვირთებისათვის, რეგიონში უმძლავრესი თურქული არმიის დარტყმებთან და ამერიკული ავიაციის მოქმედებათა  ინტენსიფიკაციასთან ერთად  შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს ხალიფატისათვის.

მაგრამ გამარჯვების ზეიმი მსოფლიო საზოგადოებისათვის და კონკრეტულად თურქებისა და ამერიკელებისათვის ნაადრევია – ისლამისტურ სახელმწიფოს არაერთხელ დაუმსხვრევია სტერეოტიპი, რომლის თანახმად ხალიფა და მისი თანამოაზრეები სადიზმისკენ მიდრეკილი არაინტელექტუალები არიან. მათ არაერთხელ დაუმტკიცებნიათ, რომ იმაზე შორსმჭვრეტელები  და ანგარიშიანები არიან, ვიდრე ეს შეიძლება შორიდან ჩანდეს –  დიდი ალბათობით, მათ არსენალში რჩება მრავალი საპასუხო ზომა, რომლის მეშვეობით  შეიძლება  სანანებელი გაუხადონ თურქეთს თავისი გადაწყვეტილება. საკმარისია გავიხსენოთ ტერაქტი, რომელიც მათ ტუნისში, უცხოელი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ კურორტზე განახორციელეს , რითაც  საფუძველი მოურყიეს  ქვეყნის ეკონომიკის ამ წამყვან დარგს.

ქუვეითსა და საუდის არაბეთში ააფეთქეს შიიტური მეჩეთები და ამით დაძაბულობა წარმოქმნეს ამ ქვეყნების მთავრობებსა და კარგად ორგანიზებულ უმცირესობებს  შორის.

ვინაიდან თურქეთში დიდი შიიტური გაერთიანებები არ არის, პოტენციურ მსხვერპლად შეიძლება იქცნენ ქურთები, რომელთაც ისედაც უაღრესად ცუდი ურთიერთობები აქვთ ანკარასთან.

ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თუ რაღაც გაუთვალისწინბელი არ მოხდა, ანკარის ჩართვა ომში და ავიაბაზების დათმობა ამერიკელებისთვის ხალიფატის წინააღმდეგ შეიძლება იქცეს ისლამისტური სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისად 

,,ნოვოე ვრემია'', 24 ივლისი

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილმა გორდიას კვანძი გააპო
შემდეგი სტატიარუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური