რისთვის მიავლინა პოროშენკომ სააკაშვილი ოდესაში. სამი თვალსაზრისი.

0
506

 

რისთვის მიავლინა პოროშენკომ სააკაშვილი ოდესაში. სამი თვალსაზრისი

 

პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთერთი ყველაზე რადიკალური რეფორმატორი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი პოროშენკომ?

 

 უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა. სულ ახლახან, თებერვალში სააკაშვილი სათავეში ჩაუდგა  რეფორმების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს უკრაინაში, ამიერიდან კი მოუხდება თავად განახორციელოს ეს რეფორმები ქვეყნის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან და რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარ  რეგიონში. 

ოდესის ოლქი ამავე დროს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული რეგიონია: საბაჟოები, პორტები, კონტრაბანდა.  გუშინ საქართველოს ექსპრეზიდენტი კორუფციასთან დაუყოვნებელი ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა. ,,ყველა კორუმპირებული პირი უკრაინაში ავტომატურად  პუტინის მოკავშირეა, კორუფცია ხომ მისი ყოფიერების ჩვეული გარემოა. ‘’ – განაცხადა სააკაშვილმა.

რას უკავშირდება პოროშენკოს ეს გადაწყვეტილება და შეძლებს თუ არა სააკაშვილი თავი გაართვას პრეზიდენტის მიერ მასზე დაკისრებულ ამოცანებს? პირველი კომენტარები.

 

სერგეი გაიდაი, პოლიტტექნოლოგი:

 ეს დანიშვნა დაკავშირებულია შიდა კონფლიქტთან. ოდესის ოლქში კოლომოისკის ერთერთი ძლიერი აქტივი, დასაყრდენი ძალა ჰყავს  და მასთან გამკლავებისთვის აუცილებელია დიდი წონისა და და გავლენის მქონე ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ამ მხრივ სააკაშვილი ზედმიწევნით შეესაბამება ამ თანამდებობას. შესაძლოა იყოს სხვა სცენარიც. ყველას შესანიშნავად ესმის, რომ დღეს ჩვენი პრემიერი არსენი იაცენიუკი კარგავს რეიტინგს, საზოგადოება აქტიურად არის განწყობილი მის წინააღმდეგ და სააკაშვილი ამ მხრივ შესაძლოა მისი კარგი შემცვლელი აღმოჩნდეს. მაგრამ ერთია სააკაშვილის უბრალოდ დანიშვნა და მეორე – რა იქნება შემდეგ, როცა ის გარკვეულ დროს დაჰყოფს ამ თანამდებობაზე უკრაინაში. შეძლებს კი იგი თავი გაართვას ამოცანებს, რომელიც პრეზიდენტმა დააკისრა? – დრო გვიჩვენებს. ერთია, რომ მან  შეძლო ეს საქართველოში, და  მეორე, რამდენად გამოუვა ეს  უკრაინაში – სადაც მას მსგავსი  უფლებამოსილება არა აქვს.

ბაჩო ქორჩილავა, უკრაინაში საქართველოს  საელჩოს ყოფილი პრეს-ატაშე:

როცა გამოჩნდა გუბერნატორად ამ რანგის  პოლიტიკოსის დანიშვნის შესაძლებლობა,  პოროშენკოს, ალბათ, ბევრი  ფიქრი არ დასჭირვებია.  მიხეილ სააკაშვილი დიდ რეფორმებთან ასოცირდება. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინას დიდი რეფორმები, დიდი ცვლილებები სჭირდება, ხოლო სააკაშვილი ერთერთი ყველაზე რადიკალური რეფორმატორია.

რაც შეეხება მის გუნდს, იგი მას, ალბათ, ადგილობრივ მცხოვრებთაგან შექმნის (რა თქმა უნდა, ამ გუნდში იქნებიან ის ადამიანებიც, ვისთანაც მას წლების მანძილზე უმუშავია, მაგრამ ისინი არ დაიკავებენ საკვანძო თანამდებობებს).  მას, როგორც პოლიტიკოსს აქვს აუცილებელი თვისება – კარგად  ცნობს ადამიანებს და სწორად არჩევს გუნდს.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ამოცანებს გაართვა მან თავი საქართველოში 2003 წელს, მე ვფიქრობ, ის ამას უკრაინაშიც შეძლებს. არ ვიცი, რამდენ ხანს დარჩება  ამ თანამდებობაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგი  მყარ საფუძველს ჩაუყრის და ისევე შეუქცევადს გახდის რეფორმების პროცესს, როგორც საქართველოში. სააკაშვილი დინამიური ადამიანია,  სწრაფი ტემპით იმოქმედებს.

ედუარდ გურვიცი, ოდესის ყოფილი მერი:

ვფიქრობ,ყველა პრაქტიკული ადამიანისათვის, მათ შორის ჩემთვისაც, ეს მოულოდნელი დანიშვნა იყო. მე ამას მივესალმები და კარგ და სწორ სვლად მიმაჩნია.  უბრალოდ, ეს ცდებოდა ჩემი ვარაუდების ფარგლებს,  და გეტყვით რატომაც.

საკადრო როტაციის აუცილებლობა  ოლქში დიდი ხანია მომწიფდა. ოლქის გუბერნატორი პალიცა, რომელიც პრეზიდენტის კი არა, კოლომოისკის წარმომადგენელი იყო, არაფერს აკეთებდა.  იგი თავადაც აღიარებდა, რომ არ მუშაობდა ოლქის ეკონომიკაზე, ერთხელაც არ წვევია რაიონებს, მთელი ყურადღება უსაფრთხოებაზე ჰქინდა გადატანილი, შესაძლოა, საკუთარ უსაფრთხოებაზეც კი.  კატეგორიული ვერ ვიქნები, რადგან სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ვიზიარებ იმ აზრს, რომ  ყველა ტერაქტი მის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანწილად დადგმულს მიაგავს. ამის შესახებ ჩემთვის ბევრს უთქვამს, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მტკიცებულებების მოძიება.

ოლქში სერიოზული მდგომარეობაა, საშიშროება დიდია, მაგრამ გარდა კოლომოისკისა და პალიცას ,,ჯიბის ქვედანაყოფისა'' და პირადი დაცვის სამსახურისა, რომელნიც დნეპროპეტროვსკიდან და ვოლინიდან იყვნენ, არაფერი შექმნილა.  პალიცა  გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად რჩებოდა თავისი მოადგილეებიანად, რომელნიც ასევე მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ, მას ფაქტობრივად მოადგილეები კი არა, მრჩევლები ჰყავდა.

პალიცა არ და ვერ წყვეტდა ოდესის ოლქის წინაშე მდგარ ვერც ერთ ამოცანას, იგივე ხდება ოდესაშიც, ქალაქის საბჭოში, რომელსაც ხელმძღვანელობს კოლომოისკისა და პალიცას  ძალების წარმომადგენელი – ტრუხანოვი. უფრო მეტიც, ქალაქის საბჭო არათუ სოციალურ – ეკონომიკური ხასიათის ამოცანებს არ წყვეტს, მას ერთხელაც არ დაუგმია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.   ანუ მათ მთელი რეგიონი  გარდამავალ მდგომარეობაში გაყინეს.

ასე იყო სხვა საკითხებშიც: 2 მაისის ტრაგედიის, ქალაქისა და ოლქისთვის ამ უმძიმესი მოვლენის,  გამოძიების პროცესში, ძალოვან სტრუქტურებს მთელი წლის მანძილზე არაფერი უთქვამთ ხალხისთვის და  ერთხელაც არ დასცდენიათ სიმართლე,  არ გაუკეთებიათ   არაფერი, რაც მათი სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოში მან დიდი სამუშაო განახორციელა და თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. შეძლებს თუ არა იგი ალაგმოს უკანონო ქმედებები ოდესასა და მთელ ოლქში? ვიმედოვნებ,  შეძლებს. მას ურთულესი ამოცანა ერგო.  ოდესა მარტივი ქალაქი არაა: არის კლანები, ყველა ჯურის გამვლელი, რეიდერები, ბანდიტები, მაგრამ ბევრია წესიერი ადამიანიც.  თუკი იგი შეძლებს აამოქმედოს ეს საკადრო რეზერვი,  შეძლებს   ბევრი კარგი გააკეთოს ქალაქისა და ოლქისთვის. იანუკოვიჩის გაქცევის დღიდან, ოდესის მმართველ ორგანოებში  პრქტიკულად არ გამოჩენილა ერთი ადამიანიც კი მათგან, ვინც   კიევში გაემგზავრა და მედგრად იდგა მაიდანზე ან  ვისაც დაუნდობლად სცემდნენ აქ, მაიდნის მხარდამჭერ  გამოსვლებზე. ვერც ერთი მათგანს ვერ ვხედავთ ხელისუფლების ორგანოებში.

უცვლელი დარჩა მექრთამეობისა და გამოძალვის ძველი სისტემა, შენარჩუნებულ იქნა მთელი  გვარდია, რომელიც ხალხს ტიტუშკებს უსევდა და მათთან ერთად დათარეშობდა ქალაქში. . არ განხორციელებულა არანაირი გარდაქმნა.

თუ სააკაშვილი დაანგრევს ამ სისტემას, გაანადგურებს მას, ეს იქნება უდიდესი საქმე ჩვენი რეგიონისთვის. მან მთელი ძალები უნდა მიმართოს სამართალდამცავი სტრუქტურების გასუფთავებასა და გააქტიურებაზე, ამასთან დაეყრდნოს და გამოიყენოს მუხტი, რომელიც   საზოგადოებას მაიდნის დღეებიდან გამოყვა – დიუკთან მაშინ ასობით, ათასობით ადამიანი იდგა, ოდესის სახალხო თავდაცვის  რაზმები   არსებობას განაგრძობს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ისინი წესრიგის დაცვაში ე ჩაერთოთ, იქმნებოდა რაღაც გაურკვეველი არაფორმალური ქვედანაყოფები, რომელტაც ვერ ვხედავდით საქმეში. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი წესიერ  ადამიანებზე გააკეთებს გათვლებს.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ოლქის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროს დაჰყოფს, არა მგონია   სააკაშვილმა  კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს რეპუტაცია  კაცისა, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოში და დაკმაყოფილდეს როლით ნომინალური ფიგურისა, რომელიც თავის ნებაზე შეიძლება ატრიალოს ვინმემ.  მე ვფიქრობ, ის რეგიონში ჩამოვიდა იმ მყარი პირობით, რომ მიეცემა საკმარისად დიდი უფლებამოსილება, რაც მის გვართან ერთად იმუშავებს ინვესტიციებზეც და ოდესის ოლქისადმი დამოკიდებულებაზეც ოფიციალური კიევის მხრიდან. იგი არ იქნება ,,ხალიფა ერთი საათით“. რაკი ხელი მოჰკიდა ამ საქმეს, მჯერა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ პრაქტიკაში გვიჩვენოს,  როგორი შეიძლება იყოს ოლქის კარგი მმართველობა. 

<a href="http://liga.net/">Источник</a>

 

წინა სტატიაცესკო: “შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”
შემდეგი სტატიააფხაზები ივნისში ძეგლთა დაცვის საზოგადოებრივ კამპანიას იწყებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური