,, ქართული პასპორტის მიმზიდველობა გაცილებით დიდია, ვიდრე აფხაზურისა. ამ ცდუნებასთან გამკლავება გაუჭირდებათ არა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, არამედ თავად აფხაზებსაც’’

0
661

აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტსა და პარლამენტს გარეთ აქტიურად განიხილება კანონპროექტი,,აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’.  მისი არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში გალში მცხოვრები ქართველები მიიღებენ ცნობას ბინადრობის უფლების შესახებ, რომელიც აფხაზეთის მოქალაქის სტატუსთან  რამდენადმე მიახლოებულ უფლებებს ანიჭებს მათ და ამავე დროს აძლევს უფლებას შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, ლეგალურად ისარგებლონ ქართული პასპორტებით.

 

კანონპროექტის გარშემო დიდი ვნებათაღელვაა როგორც აფხაზთა პოლიტიკურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებასა და მედიაში. კანონპროექტის პირველი წაკითხვით მიღების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა კითხვა, რას უქადის მისი საბოლოო დამტკიცება და ამოქმედება პოლიტიკურ და დემოგრაფიულ სიტუაციას ქვეყანაში.

ამ დისკუსიებში პრევალირებს აზრი, რომ გზა, რომელსაც დაადგა აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატთა კორპუსი და მთლიანად ხელისუფლება გალის რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის, სახიფათოა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისათვს, რამდენადაც ეს ფაქტობრივად ნიშნავს აფხაზეთის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის აღიარებას საქართველოს მოქალაქეებად აქედან  გამომდინარე შედეგებით. 

კანონის მიღების მოწინააღმდეგეები განსაკუთრებით შეაშფოთა გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ცნობამ, რომ მარტში ჩატარებული  გამოკითხვის პროცესში გალის  18 ათასმა  მცხოვრებმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეა, არ   სურს უარი თქვას ამაზე აფხაზური პასპორტის სანაცვლოდ,  მზად არის ოფიციალურად წარმოადგინოს  თავისი ქართული პასპორტი  იმისათვის, რომ მიიღოს ბინადრობის უფლება ქართული  მოქალაქეობის შენარჩუნებით.

აფხაზური პოლიტიკური წრეები და საზოგადოებრიობა გამოთქვამენ შიშებს, რომ:

კანონის ამოქმედების შემთხვევაში გალის მცხოვრებთ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს,  უკანონდებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში როგორც საქართველოში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე;  ოფიციალურად გადაკვეთონ გამყოფი ხაზი და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა  დონის არჩევნებში, რომელიც საქართველოში ტარდება, გახსნან საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო უბნები აფხაზეთის ტერიტორიაზე (,,ჩვენ ხომ გავხსენით აფხაზეთის პრეზიდენტის საარჩევნო უბნები თურქეთსა და რუსეთში?''). საერთაშორისო სამართლის თანახმად,  ასეთივე  უფლებით გაიხსნება საარჩევნო უბნები გალის   ტერიტორიაზეც, რადგან აქ ლეგალურად და კომპაქტურად იცხოვრებენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ექნებათ იფიციალურად დარეგისტრირებული, აფხაზეთს მთავრობის მიერ გაცემული ცნობა ბადრობის უფლებისს შესახებ, რაც ავტომატურად ანიჭებს მათ ამ უფლებას.’’

კანონის მიღების მოწინააღმდეგე აფხაზთა თვალში ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ბინადრობის მოწმობა  ქართულ მოსახლეობას ანიჭებს უფლებას აირჩიონ და იყონ არჩეული გალის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ,,ძნელი მისახვედრი არ არის, რომ   ისინი ოფიციალური თბილისის კარნახით წარადგენენ და აირჩევენ კანდიდატებს ანუ ადამიანებს, რომელნიც გაატარებენ ქართულ პოლიტიკას და მათ ამაში ვეღარავინ შეზღუდავთ.’’

,,ქართველები  იღებენ  რეფერენდუმის ჩატარების უფლებასაც გალის ტერიტორიაზე ნებისმიერ საკითხზე და ეს შესაძლოა პერსპექტივაში გამოყენებულ იქნას გალის რაიონის მოწყვეტისათვის აფხაზეთისაგან''.  

კანონის ამოქმედებისთანავე ქართველები ექცევიან ორმაგი იურისდიქციის ქვეშ: ბინადრობის უფლება მათ აქცევს აფხაზეთის, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა – საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, ამრიგად, გალის რაიონში იქმნება ანკლავი – ოფიციალურად დარეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქეთაგან შემდგარი ეთნიკური უმცირესობა, რომელიც ანკლავის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმებით  ამავე დროს ექცევა საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვების ქვეშ.

ნებისმიერი დანაშაული, თუნდაც ყოფითი ხასიათისა, და, მით უფრო ადამიანის უფლების დარღვევა ეთნიკური ან სხვა ნიშნით,  რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელდება საქართველოს მოქალაქის მიმართ, ავტომატურად ინტერნაციონალიზდება.  ეს ნიშნავს, რომ საქართველო იძენს უფლებას დაიცვას თავისი მოქალაქეები თავისი კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად და ,, ეს შეიძლება გამოიყენოს საბაბად თავისი ჯარების შეყვანისათვის ჩვენს ტერიტორიაზე.’’

გართულდება საზღვრის კონტროლი – ქართველებს აღარ დასჭირდებათ საშვები გამყოფ ხაზზე გადაადგილებისათვის, საკმარისია წარადგინონ ბინადრობის უფლება და ვერავითარი რუსული სასაზღვრო სამსახური მათ ვეღარ შეაჩერებს –  უკონტროლობას კი ქაოსთან ერთად მოყვება ნარკოტიკების, იარაღის, ძირგამომთხრელი ლიტერატურის   შემოტანის გაიოლება.

,,ამ კანონის მიღებით ყველა ჩვენი მცდელობა მოვახდინოთ გალის მოსახლეობის ინტეგრაცია აფხაზურ საზოგადოებასთან ამაო გახდება – ჩვენი ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს ამ ადამიანებს, თუკი ფიქრობს, რომ ხუთი წლის შემდეგ ისინი მოისურვებენ გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მათ სკოლებს უხსნიან’’.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ,, ამცახარას“ თანათავმჯდომარე ვიტალი ტარნავა აცხადებს, რომ  იმ გალელთა რიცხვმა, რომელნიც ისურვებენ და ეცდებიან მიიღონ ბინადრობის უფლება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით, არცთუ შორეულ მომავალში შესაძლოა18 ათასს კი არა,  60- 70 ათასს გადააჭარბოს.

 ,, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისათვის ქართული პასპორტის მიმზიდველობა გაცილებით დიდია, ვიდრე აფხაზურისა, გამოჩნდებიან აფხაზებიც, რომელნიც უარს არ იტყვიან ქართულ პასპორტზე, რომ თავისუფალად იმოძრაონ საზღვარგარეთის ქვეყნებში. მაქვს ინფორმაცია, რომ  რამდენიმე აფხაზმა ახალგაზრდამ აიღო ეს პასპორტები გასულ წლებში. – წერს იგი სტატიაში ,, აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ კანონის მიღებით ჩვენ ოფიციალურად ვადასტურებთ  ქართული პასპორტით მუდმივი ცხოვრების კანონიერებას ჩვენს ტერიტორიაზე“ (apsni.ru,  6 აპრილი, 2015 )

საქმე ისაა, რომ აფხაზური პასპორტი მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას გავიდეს  მხოლოდ თურქეთსა და რუსეთში მაშინ, როცა ქართული პასპორტი უხსნის გზას მთელ მსოფლიოში. ამ ცდუნებასთან გამკლავება გაუჭირდებათ არა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც  პატრიოტულთან ერთად ამოძრავებთ მერკანტილური ინტერესები (ისინი იღებენ ქართულ პენსიებს, სოციალურ დახმარებებსა და მომსახურებებს, ხელფასებს (მასწავლებლები, ენერგოსისტემის მუშაკები და სხვანი), არამედ აფხაზ ახალგაზრდებსაც, რომელნიც ესწრაფვიან განათლების მიღებას, მოგზაურობას და დასაქმების პერსპექტივას საზღვარგარეთ, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზ წვრილ მოვაჭრეეებზე, რომელთაც გასაყიდი საქონელი ლეგალურად თუ არალეგალურად სწორედ საქართველოდან შემოაქთ, მით უფრო, რომ   ქართული პასპორტი მათ მისცემს საშუალებას შემოტანონ  საქონელი საზღვარგარეთიდან  საქართველოს გავლით.

 ხელისუფლებას არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული აზროვნება მართებს – მეტი უნდა ვიფიქროთ არა რევერანსებზე და იმიჯზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში, არამედ   იმაზე, თუ როგორ დავუბრუნოთ ისტორიულ ფესვებს სამურზაყანოელები – გაქართველებული, ქართველების იერ ასიმილირებული  აფხაზები, ჩვენ კი ამ კანონით ხელს ვუწყობთ იმას, რომ ისინი  საბოლოოდ წავიდნენ ჩვენგან – წერს ტარნავა.

გალელ ქართველთა აზრით,  კანონის მიღებამ  წესით  მნიშვნელოვნად უნდა შეამსუბუქოს მათი ცხოვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ კანონი თუნდაც სანახევროდ იმუშავებს. მით უფრო, რომ  ამ კანონპროექტის განხილვის პარალელურად კეთდება  დე – ფაქტო პრეზიდენტისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებები იმის შესახებ, რომ აუცილებელია გამყოფ ხაზზე გადაადგილების ლიმიტირება, ქართული ენის ჩანაცვლება სკოლებში აფხაზურითა და რუსულით, ატესტატების ჩანაცვლება  სასწავლო კურსის გავლის შესახებ ცნობით ან სხვა დოკუმენტით იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც საქართველოს განათლების მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამებით მიიღო განათლება. ყოველივე ეს რადიკალურად ეწინააღმდეგება იმას, რაც გაწერილია კანონპროექტში და, ბუნებრივია, არ შეიძლება დიდი იმედები დავამყაროთ იმაზე,  რომ ეს  უფლებები ქაღალდზე არ დარჩება.

მაშ რატომ დადგა დღის წესრიგში ამ კანონის შემუშავება? არ ჭირდება დიდი ანალიზი იმას, თუ რა  ამოძრავებს აფხაზეთის ხელისუფლებას მიიღოს კანონი, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ,  არ მიესალმება აფხაზი  საზოგადოებრიობის უდიდესი უმრავლესობა.  ბოლო დროს აფხაზეთის დე – ფაქტო მთავრობას გაუჩნდა ამბიციები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლად  წარმოჩინდეს. შესაბამისად, ეს კანონიც  იმიტომ სჭირდება, რომ შენიღბოს  ქართველების უფლებების დარღვევები, რაც მათი  რეალური პოლიტიკის თანამდევია და ალბათ ასეც დარჩება. სხვაგვარად ამ განცხადებებისა და კანონის ერდროულობასა და წინააღმდეგობრიობას ვერ ახსნი.

არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც. – ეს არის იძულებითი ნაბიჯი ოდნავ მაინც დარეგულირდეს გალში მიმდინარე პროცესები, –  ქართველები, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, არ წყვეტენ კავშირს არაოკუპირებულ ტერიტორიასთან, ამაო აღმოჩნდა მათი ასიმილირების, საქართველოსგან გაუცხოების  პერმანენტული მცდელობები, აფხაზური ფესვების მქონე ქართველების შემთხვევაშიც კი.

ამის იმედი საბოლოოდ ჩაკლა გალელების სამოქალაქო სიმამაცემ – მან  ყველა შესაძლო შედეგის იგნორირებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობის უარყოფაზე  აფხაზური პასპორტების სანაცვლოდ.ხელისუფლება გრძნობს, რომ რეჟიმის გამკაცრებამ შესაძლოა აიძულოს ქართველები დატოვონ გალი, ასეთ შემთხვევაში კი ეკონომიკური კრიზისის გამწვავება გარდუვალია – თავად აფხაზები აღიარებენ, რომ აფხაზეთის მარჩენალი გალის რაიონის მოსახლეობაა და ბეღლის დაცარიელება მათ ხელს არ აძლევთ. ამრიგად, აფხაზეთის ხელისუფლებას ისღა დარჩენია წავიდეს თუნდაც ილუზორულ დათმობებზე, მისდიოს  თაფლაკვერისა და მათრახის პოლიტიკას ქართველების მიმართ.  თაფლაკვერის როლში ამჯერად კანონპროპექტი გამოდის.რა იქნება სინამდვილეში – მომავალი გვიჩვენებს. 

წინა სტატიაევროკავშირის დღეები ზუგდიდში (VIDEO)
შემდეგი სტატიააფხაზები შიშობენ, რომ დემოგრაფიულ ცვლილებებს შესაძლოა სომეხი მოსახლეობის პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები მოყვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური