აშშ-ს საელჩო ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს

0
677

ევროპარლამენტის ,,ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე მანფრედ ვებერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავს. ევროპარლამენტართა განცხადებით საქართველოში პოლიტიკური დევნა პრაკტიკად იქცა. პრემიერისსახელზე გამოგზავნილი წერილის დეტალებზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ევროპარლამენტარის მიერ გამოთქმულია შეშფოთება და წუხილი, საქართველოში სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად, 2012 წელს ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისა, საქართველოში ჩვეულებრივ პრაქტიკად დამკვიდრდა მოტივირებული ბრალდებები, წინასწარი პატიმრობის გამოყენება და შერჩევითი სამართალი.

წერილში ასევე საუბარია, გიგი უგულავას შესახებ, კერძოდ, ვებერი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა იწურება 3 აპრილს, რომლის გასვლის შემდეგაც იგი უნდა გათავისუფლდეს. თუმცა, ევროპარლამენტარის განცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ უგულავას წინააღმდეგ მზადდება ახალი საქმე, რათა მისთვის შეფარდებულ იქნას მორიგი წინასწარი პატიმრობის ვადა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

 

მოგმართავთ ამ წერილით, ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის სახელით, რომლის თავმჯდომარეობის პატივიც მაქვს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, როგორც მეგობრები ვალდებული ვართ გაგიზიაროთ ჩვენი წუხილი იმ იმედით, რომ თქვენ და თქვენი მთავრობა გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებენ.

საქართველოში პირველად, არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის შედეგად ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – ყოფილი მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ბევრი ლიდერი და წევრი პატიმრობაში ან გამოძიების ქვეშ იმყოფება. ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ლიდერებისა და ფიგურების მიმართ შერჩევითი სამართალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, შურისძიება და წინასწარი პატიმრობის ხშირი გამოყენება.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც მოიცავს იმ 14 ყოფილი თანამდებობის პირის 327 სასამართლო სხდომის მონიტორინგს, რომლებიც პასუხისგებაში იქნენ მიცემული 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მნიშვნელოვნად იქნა დარღვეული სამართლიანი სასამართლოს უფლება წინასწარი პატიმრობის ხშირი გამოყენების, საჯარო პირების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატიურად დარღვევისა და პროკურატურის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის შედეგად.

ამ თვალსაზრისით, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ყოფილი მერის, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ის კამპანიის მენეჯერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც დაკავებულ იქნა არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე და მოთავსებულ იქნა წინასწარ პატიმრობაში. ბ-ნი უგულავას წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა იწურება 3 აპრილს, რომლის გასვლის შემდეგაც იგი უნდა გათავისუფლდეს. თუმცა, არსებობს ნიშნები იმისა, რომ ბ-ნი უგულავას წინააღმდეგ მზადდება ახალი საქმე, რათა მისთვის შეფარდებულ იქნას მორიგი წინასწარი პატიმრობის ვადა. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ იგი იმყოფებოდეს პატიმრობაში, აღქმულ იქნება, როგორც დასტური პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებისა და დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქცია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით მოეკიდება ზემოთაღნიშნულ წუხილებს, რათა შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ პრაქტიკასთან და წარმატებულად განაგრძოს ევროპული გზა.

პატივისცემით,

მანფრედ ვებერი

 

ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე

 

 

წინა სტატიალარი დოლართან მიმართებაში 0.0059-ით გამყარდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის აზრით, გიორგი მარგველაშვილი “ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს”.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური