მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს

10:49 21-09-2016
მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო, საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებს. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს. 
 
 
წაკითხულია 1535-ჯერ