პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანია - არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ზუგდიდში მომხდარი ძალადობისთვის სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

16:24 15-05-2019
პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანია - არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ზუგდიდში მომხდარი ძალადობისთვის  სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანია - ასე აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ზუგდიდში მომხდარ ძალადობას და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება იყენებს ყველა მეთოდს იმისთვის რომ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დაამარცხოს.
 
„ხელისუფლებამ რომელმაც ვერ შეასრულა ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც  არ გააჩნია არანაირი გეგმა თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ხალხი სიღარიბიდან ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. იგი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა უკანონო ბერკეტს. ადამიანების ცემა-ტყეპას, მოსყიდვას და არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას. ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება, რომელსაც არაფრად არ უღირს ქვეყნის სტაბილურობა,“-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.
 
ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანიც. თამარ კორძაიას განცხადებით, ხელისუფლება ეწევა მდაბიო წინასაარჩევნო კამპანიას სანდრა რულოვსის წინააღმდეგ.  „ზუგდიდში სრული ისტერიკა აქვს ხელისუფლებას. ვლინდება ეს ყველანაირ მოქმედებაში. ეს არის ფიზიკური ძალადობა, თავდასხმა, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ის რაც გუშინ საარჩევნო ადმინისტრაციაში ხდებოდა ეს არის პირდაპირი მზადება გაყალბებისკენ. აღვირახსნილი კამპანიაა ოპოზიციის წინააღმდეგ. უფრო მდაბიო პოლიტიკური რეკლამებია ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. ყველანაირ ზღვას  გადაცდენილი საარჩევნო კლიპები აქვს ქართული ოცნებას ოპონენტებზე მომზადებული რაც უბრალოდ შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.
 
ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით შოკირებულია დავით უსუფაშვილიც. ”შენების მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით სამწუხაროა რომ დღემდე ხელისუფლებები ვერ მიხვდნენ რომ მსგავსი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელია.
 
„გაოგნებული ვარ იმით, რასაც ვხედავ. ამას პირობითად დავარქმევდი პანკისი 2. რა ჩაიდინეს,  რა დაარიგეს, რატომ დააბრუნეს უკან. თუ დასარიგებელი იყო მაშინ გვითხრან, რომ დასარიგებელი იყო. თუ დასაბრუნებელი იყო ე.ი. ვიღაცას  რაღაც სერიოზულად შეეშალა. ისედაც დაძაბულ ვითარებას  კიდევ მსგავსი მოქმედებები სჭირდება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რომ მოქალაქეებს კიდევ უფრო დაუქვეითდეთ ნდობა საარჩევნო პროცესისადმი. უბრალოდ გაუგებარია. ხელისუფლებებმა დღემდე ვერც ერთმა ვერ ისწავლა ჭკუა რომ ამ გზით კიდევ უფრო ჩამოშორდება ხელისუფლებას,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. თუმცა ოპოზიციის ჩარევის შემდეგ სიები უკან დააბრუნეს. დღეს ეს ფაქტი საოლქო კომისიასთან აქციით გააპროტესტეს.  
 
 
 
წაკითხულია 123-ჯერ