სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებსა და გამოსწორების გზებზე დისკუსიას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ

09:58 11-02-2019
სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებსა და  გამოსწორების გზებზე  დისკუსიას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ
სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და მისი გამოსწორების გზები -საკითხზე დისკუსია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით შედგება.
 
მესამე სექტორი შეხვედრაზე იწვევს ყველასა, ვისაც სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება აწუხებს.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეფასებით, აუცილებელია განახლდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და საბჭო იმ წევრებისგან გათავისუფლდეს, რომლებიც ე.წ. სასამართლოს კლანთან ასოცირდებიან.
 
„ძალიან მძიმე სიტუაციაშია მართლმსაჯულება და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. კლანი სანამ მართავს სისტემას, სანამ მას მხარს უჭერენ გავლენიანი პოლიტიკოსები, მანამდე მას არ ეშველება არაფერი,“-აცხადებს იურისტი კახა კოჟორიძე.
 
შეხვედრაზე ელოდებიან საპარლამენტო ოპოზიციას და საპარლამენტო უმრავლესობიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც ერთმანეთს სწორედ სასამართლო რეფორმის საკითხზე დაუპირისპირდნენ.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, სისტემაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე დადგა საჯარო დისკუსიის აუცილებლობა.
 
„ჩვენი მიზანია, რომ სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, პოზიციაც და ოპოზიციაც, „ქართულ ოცნებაში“ ორივე ჯგუფი, რომელიც ბოლო პერიოდში ერთმანეთს დაუპირისპირდა, ყველა, იურისტები, ადვოკატები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები დავპატიჟოთ ერთ დიდ შეხვედრაზე, სადაც ვისაუბრებთ პრობლემაზე, რომელიც სისტემას აქვს და ვისაუბრებთ იმაზე, როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია,“-განაცხადა გიორგი გვილავამ.
წაკითხულია 62-ჯერ