ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული კაპრალის მამა თავდაცვის სამინისტროს მისი შვილის დაკრძალვისათვის გამოყოფილ თანხას უბრუნებს

13:08 14-09-2018
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული კაპრალის   მამა   თავდაცვის სამინისტროს    მისი შვილის დაკრძალვისათვის გამოყოფილ თანხას უბრუნებს
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული კაპრალის   მირზა ჩიჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს პროტესტის ნიშნად იმ 7000 ლარს დაუბრუნებს, რომელიც ლევან იზორიას უწყებამ მამას გარდაცვლილი სამხედროს დაკრძალვისათვის მისცა.
 
 „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის  შემდეგ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები და იურისტები ერთვებიან.
 
ოჯახი 31 წლის სამხედროს ექსჰუმაციის პროცესს იწყებს. ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალები წაიკითხა, ამბობს, რომ მოწმეთა ჩვენები და ექსპერტიზის დასკვნა ერთმანეთს არ ემთხვევა.
 
„ეს 7 ათასი ლარიც კი ბატონი მინისტრისგან დასამადლებელი შეიქმნა, ამიტომ, მე გადავწყვიტე, ბავშვებს სახელმწიფოსგან პენსია, რომ დაენიშნა, ის 200-200 ლარი არ ავიღო და თავდაცვას დავუბრუნო. ესეთი დამადლებული თანხა არ მჭირდება მე მინისტრისგან. თან ეს ლაქა ჩემს მეუღლეს ჩამოაცილოს, რატომ, რა მიზნით დაუწერა ამხელა ალკოჰოლი,“ - განაცხადა გარდაცვლილი ჯარისკაცის, მირზა ჩიჩუას მეუღლემ, მარიამ ახვლედიანმა.
 
ჯარისკაცის  მამა გია ჩიჩუას სვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენას ითხოვს .  მისი თქმით,  სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა  გააყალბა იმ მიზნით, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.თუ ეს საკითხი მიმდინარე კვირას არ გადაწყდება, მომდევნო კვირიდან ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას დაიწყებს.
 
„იმ კვირიდან ვჯდები  მესამე ბრიგადის წინ,  იქ მოვლენ ჯარისკაცები და გავაგრძელებთ იქ, ერთიან ბლოკს შევქმნით, რომ ვიშიმშილოთ ყველამ. საარჩევნო უბნებსაც არ გავახსნევინებთ, ახლოვდება არჩევნები და მას არ გავახსნევინებთ ჩვენ, მთელი სოფელი,“ - განაცხადა გია ჩაჩუამ.
 
ჯარისკაცის გარდაცვალების საეჭვო მიზეზებზე საუბრობს ადვოკატის, ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ ყველაზე საეჭვო გარემოება ის იყო, რომ ექსპერტს არ აქვს აღწერილი რა ზომის დაზიანებები ჰქონდა ჯარისკაცს.
 
თავდაცვის სამინისტროში  უპასუხეს ოჯახის ბრალდებებს ექსპერტიზის გაყალბებაში. უწყება განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კომპენსაცია მართლაც არ უნდა გაცემულიყო, რადგან ჩიჩუას გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, რაც სამედიცინო სპირტის დალევის გამო მოხდა. ამის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა იზორიამ პირადი ინდივიდუალური აქტით გარდაცვლილის მეუღლეს ფინანსური დახმარება გაუწია.
 
წაკითხულია 146-ჯერ