საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს

12:34 13-06-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს.როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე „იუნისეფ“-ის კვლევაზე ისაუბრეს, რაც რატომღაც ყველას სასაცილო ჰგონია, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე,  საკმაოდ მძიმე სურათია ქვეყანაში შექმნილი.„ქვეყანაში უსამართლობის განცდას სიღარიბე რომ ემატება, მთავრობა უნდა გადადგეს, ეს საკითხია დღის წესრიგში დასაყენებელი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.  ამასთან, კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახლეობის 82%-ია ჩართული. მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს. ასევე, UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ.  2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.
წაკითხულია 268-ჯერ