პრეზიდენტი სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს

12:55 03-04-2018
პრეზიდენტი სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში.  მაფიის თარეში უნდა დასრულდეს
ჩემზე საქმეების აღძვრა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 
მისი თქმით, საქართველოში შექმნილი კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზი ეკონომიკის მართვის პროცესში ჩამოყალიბებული მაფიაა და  „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის „ბანკების მაფიის თარეშის“ დასრულებას და ხელფასების ზრდას გეგმავს.
 
,,მთავარი პრობლემა საქართველოსი არის, რომ ქვეყანა იცლება, ეს არის რეალური საფრთხე. ამ რეალური საფრთხის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის შემობრუნებით და ცხოვრების დონის სწრაფი ამაღლებით. ვაპირებ, ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ მხოლოდ ერთი ნიშნით - რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით. მე ჩამოვალ საქართველოში და ამ ყველა პროგრამას განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მე არ ჩავუგდებ მას სამუდამოდ ამ მაფიას ხელში, მაფიის თარეში უნდა დასრულდეს. ს.აქართველო უნდა გათავისუფლეს და ამოისუნთქოს შვებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
 
„ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლების რუსეთიდან. კერძოდ, ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და მათ მეშვეობით დაკავებულია ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით, თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მევალედ ქცევით. ციფრები არის ძალიან ჯიუტი რამ - ბანკების სუფთა შემოსავალი 2012 წელს 130 მილიონი ლარი იყო, როცა ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ივანიშვილის დროს ბანკების სუფთა შემოსავალი მინიმუმ ექვსჯერ გაიზარდა და თითქმის 900 მილიონ ლარს მიაღწია. ბანკების მოვალეთა რიცხვი 2012 წელს იყო 110 000, ახლა, ოფიციალურ რეესტრში მარტო, მოვალეთა რიცხვი გაზრდილია 250 000-მდე, ხოლო ლომბარდს მხოლოდ გასულ წელს 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ლომბარდში საპროცენტო განაკვეთი არის 45%. საქართველოში დარჩა 3 მილიონი ადამიანი და აქედან ყოველმა მეხუთემ მიმართა ლომბარდს - ეს არის ნამდვილი ეკონომიკური კატასტროფა. ამიტომ მე, მიხეილ სააკაშილი ვეუბნები ამ მაფიას, ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ წვრილ და საშუალო ბიზნესს“, - განაცხადა სააკაშვილმა. 
 
 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს შექმნის ხელფასების გაზრდის საშუალებას. 
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (და ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ), საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი. ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც გაზარდა პენსია 11-ჯერ, ბევრად მეტად გავზრდიდი, რომ დამცლოდა მაშინ. 400 ლარიც ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს მინიმუმია იმისა, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ პირობებში ეგრევე“, - განაცხადა სააკაშვილმა. 
 
მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი, ექს-პრეზიდენტის თქმით, არის განათლება და თავისუფლად შეიძლება ხელისუფლების გამოცვლისთანავე მასწავლებლის მინიმალური ხელფასი გახდეს 1 000 ლარი, ბევრი კატეგორიის მასწავლებელს კი მეტი ხელფასი ჰქონდეს. 
 
რაც შეეხება პოლიციელებს, სააკაშვილის თქმით, ძალიან ბევრი მათგანი უბრალოდ გარბის ქვეყნიდან.
 
„პოლიციელები დღეს არიან ყველაზე გაუბედურებულ მდგომარეობაში - კრიმინალმა იმატა, უფროსობა უქმნის პრობლემებს და აძლევს უკანონო დავალებებს. ნეპოტიზმი, კორუფცია, ხელის დაფარება დამნაშავეებზე არის ჩვენი ყოველდღიურობა. პოლიციელის მინიმალური ხელფასი ეგრევე გახდება 2000 ლარი“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა
წაკითხულია 807-ჯერ