სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველომ სამხედრო მოქმედებები განახორციელა რუსული სამხედრო შემოჭრის პასუხად - რატომ გააქრო ეს კონტექსტი ქართულმა ოცნებამ?

13:30 10-11-2018
სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველომ სამხედრო მოქმედებები განახორციელა რუსული სამხედრო შემოჭრის პასუხად - რატომ გააქრო ეს  კონტექსტი  ქართულმა ოცნებამ?
ხელისუფლება და მისი ფეიკ-სახეები სოციალურ ქსელებში ატრიალებენ პრეზიდენტ სააკაშვილის 2008 წლის საპარლამენტო კომისიაზე გამოსვლის მოჭრილ კადრებს და კონტექსტიდან ამოჭრილ  ამ ფრაზებს ასაღებენ იმის აღიარებად, რომ  ომი საქართველომ დაიწყო.
მათ ვერ გათვალეს ერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის სრული ტექსტი განთავსებულია  სხვადასხვა წყაროებში, მათ შორის http://old.civil.ge/geo/article.php?id=20116  ბმულის სახით , რომელიც  შესაძლებელია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მოქალაქემ ნახოს და დარწმუნდეს, რაოდენ უბადრუკია მაკრატელმომარჯვებული ქართული ოცნების  პროპაგანდისტული ტრიუკი. 
 
 
მიხეილ სააკაშვილი კომისიის სხდომაზე ამბობს შემდეგს:
 
კითხვა ბევრია არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც და, როგორც ჩანს, მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საერთაშორისო საზოგადოებრიობას აწუხებს არის: განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების საკონტროლებლად, რომლებსაც მანამდე ვერ ვაკონტროლებდით.
 
თქვენ იცით, რომ ეს დებატების უმთავრეს კითხვად იქცა. მრავალმილიონიანი კამპანიის შედეგად ასობით მილიონს ხარჯავს ჩვენი მოწინააღმდეგე იმისათვის, რომ თუ საკუთარი როლის ”გათეთრებას” ვერ შეძლებს (არ გათეთრდების ყორანი...), მაქსიმალურად ”გააშავოს” საქართველო ან შექმნას ბუნდოვანი ფერები, რათა ადამიანი ვერ გაერკვეს სად სიმართლეა და სად ტყუილი.
 
ამისათვის აწარმოებენ უზარმაზარ საინფორმაციო კამპანიებს, ხდება სხვადასხვა ადამიანის მოსყიდვა, რათა ღიად იცრუონ. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში გარკვეული შედეგი გამოიღო.
 
რეალურად, ზემოთქმული შეკითხვა წარმოადგენს მთავარი შეკითხვებისგან მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობას.
 
არადა, არც მე, არც მთავრობის სხვა წევრებს არასდროს საპირისპირო არ გვითქვამს. საკითხს ისე აყენებენ, თითქოს ჩვენ ამას უარვყოფთ - კითხვაზე, განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების საკონტროლებლად, რომლებსაც მანამდე ვერ ვაკონტროლებდით, მინდა განვაცხადო, დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში საკუთარი სამშობლოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.
 
ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება.
 
ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორი მთავარი გარემოების გამო:
 
პირველი - ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარი და ათასობით სამხედრო იყო მობილიზებული. ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული სადაზვერვო მონაცემების მიღება და თქვენ ეს მონაცემები ნახეთ კიდეც - მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა.
 
ეს ფაქტი მოგვიანებით დაადასტურა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა, გამოქვეყნებულია სატელეფონო საუბრები, შესწავლილია ბევრი მასალა მოპოვებული როგორც ინტერნეტიდან და ღია წყაროებიდან, ისე სადაზვერვო წყაროებიდან. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ღია წყაროები ისეთივე სარწმუნოა, როგორიც სადაზვერვო, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტადაც.
 
ამ დროს საქართველოში შემოსვლის ფაქტი არ და ვერ უარყო თავად რუსეთის ფედერაციამაც.
 
ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წინა დღეს, 6 აგვისტოს ჩვენ მოგვიკლეს მშვიდობისმყოფელები, რაც თვის დასაწყისიდან განხორციელებული ძალადობის გაგრძელება იყო.
 
იმ ღამეს და შემდეგი დღის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლების ინტენსიური დაბომბვა გრძელდებოდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ იყო ქართული სოფლები, როგორც ისინი ახასიათებდნენ, ეს იყო შერეული ეთნოსით, ქართველებითა და ოსებით (ჩვენ მათ არასდროს არ ვყოფდით) დასახლებული სოფლები.
 
ეს ის სოფლებია, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა და სადაც ყველა ეთნიკური წარმომადგენლობის ადამიანი ერთნაირად გვიყვარს, ერთნაირად ვცემთ პატივს, ერთნაირად ვიცავდით და მომავალშიც ასე იქნება.
 
მოწინააღმდეგის არტილერია ძირითადად განლაგებული იყო ცხინვალში, რუსი მშვიდობისმყოფელების პოზიციებსა და მათ გარშემო.
 
ეს თავად სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა კულახმეტოვმაც დაადასტურა.
 
ასეთ პირობებში საკითხავი ის კი არ არის აწარმოა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში იმ ძირითადი ამოცანით, რომ გაენადგურებინა საცეცხლე წერტილები, საიდანაც იბომბებოდა ჩვენი სოფლები, ამ თემაზე კითხვის დასმა არ არის საჭირო, რადგან დასამალი არაფერია - ჩვენ ეს მართლაც ამ მიზნით გავაკეთეთ; არამედ ის, თუ რომელი დემოკრატიული ხელისუფლება, რომელი პასიხისმგებლობის მქონე მთავრობა მოიქცეოდა სხვაგვარად მაშინ, როდესაც გრძელდებოდა საკუთრი მოქალაქეების, ყველა ეთნოსის საკუთარ სახლებში განადგურება უცხო ქვეყნის აგრესორების მიერ და მიმდინარეობდა სუვერენული ტერიტორიის დაპყრობა აგრესიული ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად.
 
ხშირად ამბობენ, რომ არის საქართველო, არის რუსეთი და არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია - არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს არ არის უკაცრიელი ზონა, რომელიც არავის არ ეკუთვნის. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საზღვრებს შორის მოქცეული ტერიტორია, რომლის უმეტეს ნაწილსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური მთავრობა.
 
ასე რომ, ჩვენ კი არ შევიჭერით ამ ტერიტორიაზე, როგორც ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ-ხოლმე - შეუძლებელია ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე შეიჭრას, არამედ ვიბრძოდით უცხოური ინტერვენციის მოსაგერიებლად!
 
 
 
 
ჩვენ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვით ვიბრძოლეთ საკუთარ მიწა-წყალზე, საკუთარ სამშობლოში, საკუთარი ქვეყნის დასაცავად და არც ერთ ქართველ ჯარისკაცს არ დაუდგამს ფეხი უცხო ქვეყნის მიწაზე.ამიტომ, მთავარი, რის მიხედვითაც უნდა შეფასდეს რუსეთის მოქმედების ლეგიტიმურობა უნდა იყოს არა ის, შეეცადა თუ არა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაეცვა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება საკუთარ მიწაზე, არამედ ის, თუ რა პასუხი გაეცემა შემდეგ შეკითხვებს:
 
საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, რომელმაც მეზობელი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსია აწარმოა?
 
საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, რომელიც ერთი წლით ადრე გამოვიდა იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულებიდან კავკასიის ფლანგზე? მაშინ, როდესაც საქართველო რჩებოდა ამ ხელშეკრულების ნაწილად რუსეთმა მკვეთად გაზარდა სამხედრო ძალის - ტექნიკისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიაში. სრულიად ნათელია, რომ იქ ბევრად მეტი ტექნიკა იყო, ვიდრე საჭირო იყო თუნდაც ჩეჩნეთში, ან სხვა ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკაში საბრძოლო მოქმედების საწარმოებლად. სრულიად ნათელია, რისთვის გამოვიდნენ ისინი ამ ხელშეკრულებიდან.
 
რომელმა ქვეყანამ გადაკვეთა ტანკებითა და ათასობით ჯარისკაცით მეზობელი დემოკრატიული სახელმწიფოს საზღვრები?
 
რომელმა ქვეყანამ მოაწყო სასიკვდილო პროვოკაციების მთელი სერიალი თვეებისა და წლების განმავლობაში?
 
რომელმა ქვეყანამ დაურიგა უკანონოდ მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას პასპორტები ჩვენი და მათი კონსტიტუციების დარღვევით, რათა შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით განეხორციელებინა ინტერვენცია?
 
რომელმა ქვეყანამ თქვა უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ ორგანიზებული იქნა 24 ივლისს და ეუთოს მიერ ორგანიზებული იყო 31 ივლისს?
 
რომელმა ქვეყანამ განაცხადა უარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შტაინმაიერის მიერ ორგანიზებულ სამშვიდობო შემოთავაზებაზე?
 
ვინ შეეცადა, დაეფარა საკუთარი კარგად დაგეგმილი ინტერვენცია ცრუ ბრალდებით, თითქოს, ცხინვალში განადგურდა 2000 მშვიდობიანი მოქალაქე? ეს ფაქტი უმალვე უარყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა მიუკერძოებელმა დამკვირვებელმა, ხოლო შემდეგ თავად რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებამ.
 
რომელმა ქვეყანამ დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ პრეტექსტით, რომ აჩერებდა გენოციდს?
 
რომელმა ქვეყანამ დაიწყო და რომელმა ქვეყანამ განახორციელა ეთნიკური წმენდა და რომელი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ?
 
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკუთარი ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევით, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი შეწყდა, რომელმა ქვეყანამ განაცხადა უარი თუნდაც პირველი ეტაპით გათვალისწინებული ტერიტორიების დაცვისა და კონფლიქტის ზონაში ევროპელი დამკვირვებლების შეშვების თაობაზე?
 
აი, ეს არის ის შეკითხვები, რომლებსაც პასუხის გაცემა სჭირდება.
 
ის ფაქტი, რომ არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი რუსეთის სასარგებლოდ არ არსებობს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდ და სახიფათო აგრესორთან გვაქვს საქმე ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც.
 
მზად ვარ გიპასუხოთ თუ რამდენად უალტერნატივო იყო ის სტრატეგიული გადაწყვეტილებები და ტაქტიკური რეაგირებები, რომლებიც შექმნილ უმძიმეს ვითარებაში მივიღეთ.
 
მზად ვარ თქვენგან მივიღო შეკითხვები და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის ძალზე მძიმე გადაწყვეტილება იყო.
 
მიხეილ სააკაშვილის მიერ მისდამი კომისიის მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული  პასუხების  სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე:  http://old.civil.ge/geo/article.php?id=20116
 
 
 
 
 
 
წაკითხულია 262-ჯერ