ლონდონში სამართალდამცველებმა ,,ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

15:24 11-04-2019
ლონდონში სამართალდამცველებმა ,,ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს
ლონდონში,   ეკვადორის საელჩოში სამართალდამცველებმა,ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
 
მედიის ცნობით,დიპლომატიური მისიის შენობაში სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ეკვადორის ხელისუფლებამ 47 წლის ასანჟსს თავშესაფარი არ გაუგრძელა.
 
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი საელჩოს, თითქმის, 7 წლის განმავლობაში აფარებდა თავს და ამ გზით ირიდებდა შვედეთში ექსტრადირებას, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.
 
ამ პერიოდში ასანჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკვადორს 5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ჯულიან ასანჟის ექსტრადირებას ითხოვს შეერთებული შტატებიც, სადაც მას საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება.
 
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანთმა ეკვადორის პრეზიდენტ ლენინ მორენოს ჯულიან ასანჟისთვის დიპლომატიური თავშესაფრის უზრუნველყოფაზე უარის თქმისთვის მადლობა გადაუხადა.
 
„ჯულიან ასანჟი არ არის გმირი და არავინ დგას კანონის მაღლა. ის სიმართლისგან იმალებოდა წლების განმავლობაში. მადლობა ეკვადორს და პრეზიდენტ ლენინ მორენოს თანამშრომლობისთვის. ასანჟმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ასანჟი ლონდონის პოლიციის ცენტრალურ სამმართველოშია გადაყვანილი და იქ იქნება, ვიდრე სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.
წაკითხულია 134-ჯერ