2016 წლის ნოემბრიდან დღემდე უვადოდ 146 მოსამართლეა დანიშნული

10:21 11-02-2019
2016 წლის ნოემბრიდან დღემდე უვადოდ 146 მოსამართლეა დანიშნული
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საჭიროა კარგად გაანალიზდეს, ვინ გააძლიერა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემამ - ინდივიდუალური მოსამართლე თუ „ჩინჩალაძის კლანი“.
 
ჯანეზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ დღეის მდგომარეობით უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სია მიაწოდა, ვინაიდან ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხი.
 
ჯანეზაშვილის თქმით, ამ დისკუსიაში არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მოსამართლეთა 50%-ზე მეტი უკვე დანიშნულია უვადოდ, მათ შორის არიან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატურების უმრავლესობა, რომლებიც გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტს წარედგინა. მან აქვე აღნიშნა, რომ ე.წ. „კლანის“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი უკვე უვადოდ არის დანიშნული, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ ელოდება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელთა შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც.
 
„მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა თუ ნება იქნება, პარლამენტის გადასაწყვეტია, ამ საკითხს რა სამართლებრივ ფორმას მოუძებნის. ისევე, როგორც არაერთ სხვა თემაზე, ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „ჩინჩალაძის კლანთან“ დაახლოებული მოსამართლეები ცდილობენ საზოგადოებას მოჩვენებითი ერთიანობით დაუპირისპირდნენ. ზოგადად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა აღიარებული სტანდარტია მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ამ უმნიშვნელოვანეს გარანტიას ე.წ. „კლანი“ გავლენების განსამტკიცებლად იყენებს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და კარგად გავაანალიზოთ, ვინ გააძლიერა უვადოდ დანიშვნის სისტემამ, ინდივიდუალური მოსამართლე თუ „ჩინჩალაძის კლანი?“ - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
 
საერთო ჯამში, 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე უვადოდ, კანონის სხვადასხვა მუხლის საფუძველზე, დანიშნულია 146 მოსამართლე
წაკითხულია 64-ჯერ