გრიპის ვირუსის ორი მსხვერპლი ბოლო ერთ დღეში

14:58 11-01-2019
გრიპის ვირუსის ორი მსხვერპლი ბოლო ერთ დღეში
ბათუმში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. შუახნის პაციენტიავთო სარჯველაძე ბათუმის საავადმყოფოში ლანჩხუთიდან გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
 
ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ  გარდაცვალების მიზეზი  H1N1 შტამის ვირუსია.
 
ეს გრიპის ვირუსით გარდაცვალების დღეს უკვე მეორე შემთხვევაა. გასულ ღამეს  ქუთაისის კლინიკაში 27 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდა  გარდაიცვალა.  იგი 9 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
 
გარდაცვლილი ბიჭის მამის, გია ბერძენიშვილის თქმით,  ვირუსი თანმდევი დაავადების გამო გართულდა, რადგან მის შვილს ეპილეფსია ჰქონდა.
 
"მისი ფეხით ჩავიყვანე. ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა და მოერია ეს დაავადება. რეანიმაციაში იწვა პირველივე დღიდან. ექიმებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და თან გადაგვყვნენ. პრეტენზია მე არ მაქვს,"- განაცხადა გარდაცვლილის მამამ, გია ბერძენიშვილმა. 
 
დეკემბრის თვიდან დღემდე H1N1-ით გარდაცვალების 15 შემთხვევა დადასტურდა.
წაკითხულია 156-ჯერ