გარდაიცვალა გამოჩენილი ლექსიკოგრაფი ოთარ ქაჯაია

14:18 24-01-2018
გარდაიცვალა  გამოჩენილი ლექსიკოგრაფი ოთარ ქაჯაია
96 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილოლოგიის დოქტორი, გამოჩენილი ლექსიკოგრაფი ოთარ ქაჯაია.
 
განუზომელია მისი ღვაწლი ქართველური ენების, მათ შორის მეგრული ენის კვლევისა და პოპულარიზაციის მამულიშვილურ საქმეში. მისი კვლევის ძირითადი სფერო იყო  მეგრული ენის დოკუმენტირება/კვლევა, ორენოვანი ლექსიკონების შედგენა. 
 
 ოთარ ქაჯაია დაიბადა 1923 წლის 29 ივლისს, მარტვილის რაიონის სოფ. ბანძაში. სწავლობდა თსუ-ში, იყო გიორგი ახვლედიანის, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას მოწაფე და აკაკი შანიძის  ასპირანტი.
 
1971 წლიდან მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. 
 
2001 წელს Reichert-Verlag Wiesbaden-მა, სერიით - Kaukasienstudien, გამოსცა ოთარ ქაჯაიასა და ჰაინც ფენრიხის ერთობლივი ლექსიკონი - Mingrelisch-Georgisches Wörterbuch. 
2002-2009 წლებში ოთარ ქაჯაიამ გამოსცა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ოთხტომეული, 2013 წელს კი - ცნობილ ქართველოლოგთან, გიორგი კლიმოვთან, ერთად - მეგრულ-რუსულ ქართული ლექსიკონი. 
 
დიდია მისი წვლილი  საბჭოთა პერიოდში ხელისუფლების მიერ აგორებული კამპანიის -  ე.წ ,,მეგრელთა შეთქმულების"' ჭეშმარიტი არსის მხილებაში,  იგი თავგამოდებით ცდილობდა გაეფანტა მითები მეგრულ სეპარატიზმზე, როგორადაც მოინათლა  დატერორებული ოთხი მაშინ ახალგაზრდა, შემდეგ კი ქართული ენათმეცნიერების კორიფეების  (მისი ზემოთხსენებული მასწავლებლების)    მისწრაფება გადაერჩინათ გაქრობის პირას მისული მეგრული ენა,  მათ შორის  წიგნების გამოცემით მეგრულ და ლაზურ ენებზე. იგი არ შეუშინდა ე.წ. ,,ლინგვისტური შეთქმულების '' გამოსარჩლებას, რაც    იმ დროსაც ძალიან სახიფათო იყო და არც დღეს არის ,,კომფორტული''.
 
სამწუხაროდ,  ხშირად გამოჩენილ მოღვაწეთა შრომას  ამა თუ იმ სფეროში, უცხოეთში უფრო აფასებენ, ვიდრე საქართველოში.   ტიტანურმა შრომამ, რომელიც ამა თუ იმ ფაქტობრივად შეუსწავლელი ენის ლექსიკონის შედგენას სჭირდება, ვერ პოვა ჩვენში  სათანადო დაფასება, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ კეთილსინდისიერ  ქართველ ენათმეცნიერს, რომელნიც  თავიანთ შრომაში  მეცნიერული პრინციპებით ხელმძღვანელობენ და არა პოლიტიკური კონიუნქტურის კარნახით.
 
აქვე გთავაზობთ ფრაგმენტს იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების წარმომადგენლის ქევინ თუითის საიუბილეო მისალმებიდან, რომელიც ოთარ ქაჯაიას 90 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გაკეთდა: 
 
,,ოთარ ქაჯაიას    მიერ შედგენილი შთამბეჭდავი მოცულობის მეგრულ-ქართული ლექსიკონი ათწლეულების და მეტიც, საუკუნეების მანძილზე არ დაკარგავს უდიდეს სამეცნიერო ღირებულებას. ბ-ნი ოთარის ნაშრომი მოიცავს 30 ათასამდე ერთეულს და უხვად გვაწვდის მორფოლოგიური ფორმებისა და ფრაზების სახით წარმოდგენილ მაგალითებს – სწორედ ამ მდიდარი ინფორმაციის წყალობით ის ბევრად აღემატება არა მხოლოდ მეგრული ენის მანამდე არსებულ ლექსიკონებს, არამედ ქართული ენის ლექსიკონების უმეტესობას. ამასთან, ბ-ნი ოთარის მეგრულ-ქართულ ლექსიკონს ახლავს პარადიგმატული ფორმების ცხრილებით გამდიდრებული გრამატიკული ცნობარი, რომელიც მოკლე ენათმეცნიერული აღწერის თვალსაჩინო ნიმუშია.
 
ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ბ-ნი ოთარ ქაჯაიას გამორჩეული სამეცნიერო ღვაწლი ყველაზე უკეთ დააფასა ჩემმა წინამორბედმა, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულების ყოფილმა დირექტორმა, პროფესორმაჰაინც ფეინრიხმა. მან ბ-ნი ოთარის ლექსიკონი გერმანულ ენაზე თარგმნა და ამგვარად ხელმისაწვდომი გახადა ფართო სამეცნიერო და მათ შორის, ლინგვისტური საზოგადოებისთვის.
 
მადლობა ბ-ნ ოთარ ქაჯაიას კავკასიოლოგიაში, ენათმეცნიერებასა და ლექსიკოგრაფიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის''.
 
 
 
 
წაკითხულია 1457-ჯერ