19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

15:48 11-01-2018
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მანამდე კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს. 
მაჩალიკაშვილებს დღეს დილიდან მომხდარის გამო მიუსამძიმრეს ახლობლებმა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და ა.შ. 
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 
 
გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ საჯაროდ  მიმართა საქართველოს პროკურატურას მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას უსწრაფესად მოხდეს საქმის გამოძიება.
მისი თქმით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს. ამ ეტაპზე    ის პროკურატურას ნდობას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ, თუ არ მოხდება დამნაშავეების დასჯა, პანკისის ხეობის მცხოვრებლები „სხვანაირად მოიქცევიან.“
 
„მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე იმ ოთახში - მე მოვითხოვ ყველას დასჯას, როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის ვენდობი, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.  
 
 
წაკითხულია 414-ჯერ