"თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი?''- ქისტური დიასპორის წარმომადგენლის შეკითხვა დუისში მყოფ მინისტრებს

15:16 12-04-2019
"თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი?''- ქისტური დიასპორის წარმომადგენლის შეკითხვა  დუისში მყოფ მინისტრებს
პანკისში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მყოფ მინისტრებს კითხვა ქისტური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა დაუსვა. ის შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედასთან, მედიკო მარგოშვილთან ერთად იმყოფება.
 
ხანგოშვილმა ჰკითხა მინისტრს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია და არის თუ არა გამართლებული მაშინ, როცა საერთაშორისო ტერორისტი ბრეივიკი ციხეში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება.
 
"თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც, დავუშვათ და მას რამე დანაშაული ჰქონოდა. ბრეივიკი ციხეშია, ის განათლებას იღებს და იმასაც კი აპროტესტებს, ყავა რატოა ცივი და არა ცხელი. თუნდაც, 20 წელი მჯდარიყო ციხეში, თუ ბრალი დაუმტკიცდებოდა, ოღონდაც დედას ის ცოცხალი ჰყოლოდა"- განაცხადა ხანგოშვილმა.
 
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, კითხვაზე რატომ მოხდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია, პასუხის გაცემა გამოძიების დასრულებამდე არ შეუძლია. 
 
​ვიცე-პრემიერი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და განათლების მინისტრის მოადგილე პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალგაზრდებს შეხვდნენ. 
 
მინისტრებთან შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა. 
წაკითხულია 116-ჯერ