ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამავე საქმეზე დაკავებული ორი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება

14:40 01-04-2019
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამავე საქმეზე დაკავებული ორი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება
ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო მათი აღიარებითი ჩვენება. თუმცა, მათი უფლებაა მისცენ გულწრფელი აღიარება, ჩვენება, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამავე საქმეზე დაკავებული ორი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
 
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღიარებითი ჩვენება მისცეს ბრალდებულებმა- ხუტა ბაღათურიამ და თენგიზ ქობალიამ. მათ სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალი. შესაბამისად, დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა დაეყენებინა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა და ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
 
რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გია გულორდავას და ლაშა გოგიას, ისინი ისევ არ სცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა და შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა", - განაცხადა გვიშიანმა.
 
როგორც ის განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებასთან საპროცესო შეთანხმებას ამ ეტაპამდე ვერ მიაღწიეს.
 
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დამატებით გავივლი კონსულტაციებს. შესაბამისად, უფრო მეტად განვუმარტავ მას ამ პროცესის შემდეგ აღიაროს თუ არაწარდგენილი ბრალი. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის", - აცხადებს გვიშიანი.
 
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებინ, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.
 
დღეს, ზუგდიდის მერთან და ვიცე-მერთან ერთად დაკავებული ორი პირი გირაოთი დარბაზიდან გათავისუფლდა.
წაკითხულია 287-ჯერ