გალის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია სასტიკად ნაცემია

14:33 16-03-2019
გალის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია სასტიკად ნაცემია
ვრცელდება ნფორმაცია, რომ გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას თავს სოხუმში, რამდენიმე დღის წინ დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ საჭირო გახდა გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსეთში გადაეყვანათ.
 
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მარიონეტულმა, ე.წ. სამართალდამცავებმა თავდასხმისას სოხუმში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე დაკითხეს, თუმცა მათი ბრალეულობა არ დადასტურდა.
 
ჩვენი ინფორმაციით, კვალი აფხაზეთში მცხოვრები სომეხი ბიზნესმენებისკენ მიდის და თავდასხმის მიზეზი ნადარაიას ბიზნესსაქმიანობასთან ერთად, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვისას „ფულის გაკეთება“ გახდა. - წერს ნიუ პოსტი''.
 
„2 თვის წინ, როდესაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, თითქოს კარანტინის მოტივით, ე.წ. საზღვარი ჩაკეტეს და ხალხს არ უშვებდნენ, ნადარაიამ ფულის გაკეთება მოინდომა. თუ ვინმეს ენგურზე გადასვლა უსაბუთოდ, სასწრაფოდ დასჭირდებოდა, ნადარაია მათგან 5 ათას რუბლს, დაახლოებით 300 ლარს ითხოვდა. მოსახლეობამ ე.წ აფხაზური პასპორტებისა და ფორმა 9-ის გაკეთება დაიწყო, რომ ერთჯერადად, 300 ლარი არ გადაეხადათ.
 
ნადარაია აწყობდა თათბირებს, სადაც გალის მოსახლეობას მოუწოდებდა - გააკეთეთ აფხაზური პასპორტები, ნუ ელოდებით, რომ ხიდი გაიხსნებაო”- გვიყვება ინფორმირებული წყარო.
 
„ნიუპოსტის“ ინფორმატორი ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩვენთან საუბარში ახსენებს „ტყის ძმების“ ლიდერს, დათო შენგელიასაც.
 
„როგორც ვიცი, დაახლოებით ერთი თვის წინ, შენგელიამ ნადარაიას პირადად შეუთვალა - შენზე მაგარი ტიპები იყვნენ ადრე შენს ადგილზე და იმათ არ გაუბედავთ ამდენი თვითნებობა, გონს მოეგე, თორემ მე მოგიყვან ჭკუაზეო.
 
10 დღის წინ კი, როდესაც ნადარაია სოხუმში იმყოფებოდა, გზაზე დახვდნენ სომხები და ე.წ. გარჩევა მომხდარა. ნადარაია როგორ აკეთებს ფულს და როგორ ერჩის ქართველებსო. ნადარაიას შეშინებია და თავის დაცვა დაუწყია - მეც ქართველი ვარო. სწორედ ამ რეპლიკამ გააღიზიანა სომხები, თუ ქართველი ხარ მით უმეტეს რატომ უკეთებ საკუთარ ხალხს ამასო და სასტიკად უცემიათ“- აღნიშნავს „ნიუპოსტის“ წყარო.
 
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სომეხ ბიზნესმენებს თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვთ, არსებული ინფორმაციით, მათ არჩევნებზე თავიანთი კანდიდატის დაყენება სურთ.
 
„ნიუპოსტის“ რეგიონალური კორესპონდენტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ სომეხ ბიზნესმენებსა და თემურ ნადარაიას ურთიერთობა პირველად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნადარაიამ აჩადარაში, ტურისტული კომპანია გახსნა და ერთ-ერთ ქუჩაზე საოჯახო ტიპის სასტუმროები გახსნა. მაშინ ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ჩარევით, ნადარაია გააფრთხილეს, რომ ბიზნესმენს ვნებები დაემორჩილებინა წინააღმდეგ შემთხვევაში „ააორთქლებდნენ“. - ნათქვამია ,,ნიუ პოსტის'' ინფორმაციაში 
 
ნადარაიაზე თავდასხის ფაქტს ადასტურებს აფხაზური და რუსული მედიაც. ინფორმაციაში გაჟღერდა გალიდან გატაცებული ლევან ძანძავას სახელიც. კერძოდ ნათქვამია, რომ  იგი დაკავეს როგორც ნადარაიაზე თავდასხმის შესაძლო მონაწილე, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა და იგი გათავისუფლებულია 
 
 
წაკითხულია 6202-ჯერ