დასრულდა ჟენევის დისკუსიების 45-ე რაუნდი.

12:18 11-10-2018
დასრულდა ჟენევის დისკუსიების 45-ე რაუნდი.
დასრულდა ჟენევის დისკუსიების 45-ე რაუნდი.
 
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია გრძელდება - ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმა ისაუბრეს.
 
დისკუსიის   ფარგლებში გაკეთდა განცხადებებიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეების გამოძიების აუცილებლობაზე .
 
,,მონაწილეებმა შეაფასეს ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა დისკუსიების დაწყებიდან 10 წლის თავზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატის ისევე როგორც, გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში იმ ფონზე, როცა ადგილზე ყოველდღიური ხასიათი აქვს ინციდენტებსა და პროვოკაციებს. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები IPRM-ის წინააღმდეგ. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გალისა და ერგნეთის მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობას, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით.
 
აშშ-ის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოუწოდეს მოსკოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისაკენ. ამ კონტექსტში, დაგმობილ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, გახშირებული სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები, რაც მიმართულია ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისკენ. ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.
 
მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელების გამო.
 
განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული ვითარება. დაგმობილ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება, უკანონო დაკავებები, მათ შორის, მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გატაცების შემთხვევები.
 
დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარ თემას ასევე წარმოადგენდა გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს არჩევანის გაკეთებას რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას.
 
მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ისაუბრეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის პრობლემებზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და საოკუპაციო ხაზზე დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
 
საქართველოს წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.
 
განხილვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობა. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ამ მნიშვნელოვან საკითხზე საგნობრივი განხილვისა და პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. მათ მოუწოდეს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს ამ საკითხზე დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ. მიუხედავად ამისა, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან გამოიჩინეს ტრადიციული დესტრუქციულობა, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი. - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 
 
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის 11-12 დეკემბერს.
 
 
 
 
წაკითხულია 30-ჯერ