აშშ -მ ,,ოჩამჩირე'' და ,,დიოსკურია'' გვაჩუქა

13:03 21-10-2018
აშშ -მ ,,ოჩამჩირე'' და ,,დიოსკურია'' გვაჩუქა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ორი ამერიკული საპატრულო კატარღით გაძლიერდა.
 
ორი წლის ლოდინის შემდეგ, ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან საქართველოს ნაპირთან ორი, თითოეული, 168 ტონა წყალწყვის კატარღა ჩამოიტვირთა. - ინფორაციას ამის შესახებ ,, კვირის პალიტრა'' ავრცელებს. 
 
2016 წლის 30 სექტემბერს აშშ-ის ქალაქ ბალტიმორის მახლობლად მდებარე აშშ-ის სანაპირო დაცვის კერტის-ბეის ბაზაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაციისა და აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა მონაწილეობით Island -ის სერიის კატარღებზე WPB 1340 Jefferson Island-სა და WPB 1345 Staten Island-ზე ხუთჯვრიანი დროშები აღიმართა და ქართული სახელები "ოჩამჩირე" და "დიოსკურია" ეწოდათ. 
 
 
დიოსკურია" ქართული სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანს-სარაკეტო კატარღას ერქვა, რომელიც აგვისტოს ომის დროს ფოთის სამხედრო პორტში სხვა კატარღებთან ერთად ჩაგვიძირეს...
მას შემდეგ აღარც "დიოსკურია" გვყავდა და აღარც სამხედრო ფლოტი.
 
ახალი "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შემადგენლობაში საქართველოს ტერიტორიული წყლების გაკონტროლებას შეუდგებიან, რაც უცილობლად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ჩვენს ტერიტორიულ წყლების კონტროლზე, სამწუხაროდ, ხელი ისევ არ მიგვიწვდება
 
 
ეს კი არა, ვეღარც იმ უცხო ქვეყნების გემებს ვაკავებთ და ვაჯარიმებთ, რომლებიც ნაოსნობისთვის დახურულ ზონაში, ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმისა და ოჩამჩირის პორტებში შედიან. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების სანაპირო დაცვის კატარღები სწორედ ამას ელოდებიან, რომ ღია ზღვაში აბორდჟზე აიყვნონ ქართული კატარღები და მათ "სუვერენული აფხაზეთის" ტერიტორიული წყლების "დარღვევა" დააბრალონ...
 
რას წარმოადგენენ Island-ის სერიის კატარღები?
 
 
1985-92 წლებში აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის 110 ფუტი (34 მ) სიგრძის 49 საპატრულო კატარღა აიგო. კატარღებს ფოლადის კორპუსი და ალუმინის შენადნობის ზედნაშენები აქვთ. სრული წყალწყვა 168 ტ-ს აღწევს. დიზელის ენერგეტიკულ დანადგარს 6 200 ცხ.ძ. აქვს და 29,5 კვანძს უზრუნველყოფს. ავტონომიურობა 5 დღეა, ხოლო ეკიპაჟი 2 ოფიცრისა და 14 მეზღვაურისგან შედგება. 
კატარღების საშტატო შეიარაღებაა - 25 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი Mk 38 Mod 0 Bushmaster-ი და ორი 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი М2НВ. აშშ-მა 2015 წელს Island-ის სერიის სამი კატარღა პაკისტანის სამხედრო-საზღვაო ძალებს გადასცა. უკრაინას ორი ასეთი კატარღა გადაეცა 2018 წელს. 
 
https://www.kvirispalitra.ge/qarsenaliq-irakli-aladashvilis-blogi-anitacia/47384-amerikuli-mcuravi-qkundzulebiq-qochamchiredq-da-qdioskuriadq-gadainathlnen.html
წაკითხულია 303-ჯერ