სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო და სამუშაოებიც ჩატარდა თუმცა უშედეგოდ - წუხანდელი ძლიერი წვიმისქალაქის ქუჩები დატბორა

10:56 02-08-2018
სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო და სამუშაოებიც ჩატარდა თუმცა უშედეგოდ - წუხანდელი ძლიერი წვიმისქალაქის ქუჩები  დატბორა
სტიქია ფოთში-ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.
 
წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოები დაფარა და პირველ სართულებზე შეაღწია. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დანელიას ქუჩაზე, სადაც ყვებიან, რომ ეს პრობლემა ყოველი წვიმის დროს არსებობს რადგან სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია.
 
„სულ დალპა ყველაფერი. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის სულ  რამდენიც წვიმა მოვა. ასეთი დღე გვაქვს ჩვენ სულ. ეს მთავრობა წასულია ხელიდან, ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მზია ხაზალიამ.
 
მოსახლეობა ამბობს,  რომ სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო და სამუშაოებიც ჩატარდა თუმცა უშედეგოდ.
 
ფოთის მუნიციპალიტეტში კი  განმარტავენ, რომ ძლიერმა სტიქიამ ელექტრო ენერგიის მიწოდება შეაფერხა, რის გამოც გაითიშა სატუმბი სადგურები, რომელმაც უხვი ნალექი ვერ გაატარა.
 
„უხვი ნალექი დაფიქსირდა ქალაქში, დაფიქსირდა ჭექა-ქუხილი რასაც მოჰყვა ელექტრო ენერგიის გათიშვა. ამას  მოჰყვა სატუმბი საშუალებების გაჩერება რამაც გამოიწვია ძირითადად ქალაქში ქუჩების დატბორვა. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დადგენა,“-განაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ დუნდუამ. 
წაკითხულია 515-ჯერ