,,საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის ზეიმი არ ყოფილა ''- ევროპარლამენტარებისთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება

13:09 03-12-2018
,,საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის ზეიმი არ ყოფილა ''- ევროპარლამენტარებისთვის  მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება
ევროპარლამენტმა შესაძლოა, შექმნას ჯგუფი, რომელიც დაადგენს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის გარემოებებს. ბრიუსელში ევროდეპუტატებისთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება.
ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის, შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის ზეიმი არ ყოფილა.
 
„არსებობს გაურკვევლობის განცდა, განსაკუთრებით მეორე ტურთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება არჩევნების წინაც, რომ ადმინისტრაციული რესურსები შესაძლოა, არასწორად ყოფილიყო გამოყენებული. საბანკო საკითხი ცალსახად ადმინისტრაციული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაგალითია. შესაძლოა, კეთილი განზრახვით გაკეთდა, მაგრამ დრო არასწორად იყო შერჩეული. ვერავინ უარყოფს, რომ გარკვეული ზემოქმედება მოახდინა ამომრჩეველზე, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, სიმპათიის მოსაპოვებლად. ეს პოლიტიკური ძალა ცხადია, მმართველი კოალიციაა. სწორედ ამიტომ, ეს არის საქართველოს დემოკრატიის სახეზე შავი ლაქა. აბსულუტურად არ იყო საჭირო. გააჩინა კითხვის ნიშნები მთელი პროცედურის მიმართ. ვნახე ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაციის კრიტიკული შენიშვნა. ახლა საქართველოს ეს ინსტიტუტები შეკითხვებს დაუსვამენ და ის მზად უნდა იყოს, პასუხის გასაცემად. რა თქმა უნდა, პროცესი დამთავრებულია და უკვე დაგვიანებულიცაა. ვერ ვიტყვი, რომ დემოკრატიის ზეიმია, რაც ძალიან სამწუხაროა,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან, პეტრას აუსტრევიჩუსმა.
Read 673times