“ზსსუ ევროპული მომავლისთვის” – ზუგდიდელი სტუდენტები მიმართვას ავრცელებენ

0
267

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხელმოწერისთვის სოციალურ მედიაში გაავრცელეს სპეციალური მიმართვა: “ზსსუ ევროპული მომავლისთვის”.
მიმართვაში წერია, რომ აღნიშნული კანონის არათუ მიღება, არამედ მისი განხილვაც უკიდურესად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. მიმართვა ვრცელდება სპეციალური ფორმით, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი სტუდენტი შეუერთდეს.

“შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას განზრახვას მიიღოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.

აღნიშნული კანონის არათუ მიღება, არამედ მისი განხილვაც უკიდურესად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

ხაგზასმით აღვნიშნავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება.

კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობას, რომლებიც სწორედ საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის, ათასობით მოსწავლეს, სტუდენტს აძლევენ პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას.

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი სტუდენტები ვუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს და მოვუწოდებთ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

აღნიშნული კანონი ემსახურება რუსული ინტერესების გატარებას და ის არ არის საქართველოს არჩევანი.”- წერია განცხადებაში

წინა სტატიაუკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისათვის – ზურაბიშვილი გაეროში “რუსულ კანონზე”
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვამ ოკუპანტების მიერ დახვრეტილი გმირის ვინაობა დაასახელა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური