ოჯახის წევრები, ვისთანაც ბადრი ესებუა იმალებოდა, პოლიციაში გადაიყვანეს

0
234

ამ წუთებში სამართალდამცველებს იმ ოჯახის სამივე წევრი, რომელშიც ბადრი ესებუა აიყვანეს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ.

ჯერჯერობით უცნობია დააკავებენ თუ არა ესებუას ნათესავებს – ომიანე ჯიქიასა და მისი ოჯახის წევრებს დანაშაულის დამალვის გამო. სამართალდამცველებმა უკვე დალუქულეს სახლი, რომლიდანაც ნივთმტკიცებად იარაღი, ხელყუმბარა და ვაზნები ამოიღეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ნათესავებს ბადრი ესებუამ 3 თვით შეფარება სთხოვა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი, რომელშიც ესებუა დააკავეს, მისი საცხოვხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს და ამ ადგილიდან მის სახლამდე არის გადასასვლელი. ცნობილი ხდება, რომ სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.

შეგახსენებთ, როგორც “მთავარი არხისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ესებუა გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

შსს-მ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ესებუა სამეგრელოში აიყვანეს. მისი დაკავების დროს ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

წინა სტატიამოგიწოდებთ, თავიდან აიცილოთ ტრაგედია, რომელიც ძირს უთხრის თქვენს ევროპულ მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიარა უნდა აღიაროს, მისი ძირითადი დანაშაული არის ის, რომ 2008 წელს არ ჩაბარდა – პასუხი ზურაბიშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური