საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოს განაჩენს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვეს. ის წერს, რომ “ქართული კვაზი მართლმსაჯულება” თავდაყირა რომც დადგეს, სააკაშვილს მაინც გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
“სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს! მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება”!
კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო”, – წერს შალვა ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, 6 თებერვალს მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ წყვეტენ საპარლამენტო მუშაობას. პარტია დღეს 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გამართავს აქციას.