მეგობრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ კონგოელ ამბოხებულთა დაჯგუფების ლიდერის ინფორმაცია სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ

12:44 19-06-2017
მეგობრებს  სარწმუნოდ არ მიაჩნიათ   კონგოელ ამბოხებულთა  დაჯგუფების ლიდერის ინფორმაცია სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ
კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის მეგობრები  სარწმუნოდ არ მიიჩნევენ კონგოში მოქმედი დაჯგუფება "23 მარტის" პოლიტიკური ლიდერის ბერტრან ბისიმვას ონფორმაციას, რომ  ადასტურებს, რომ ამბოხებულთა ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავი  სოსო ოსორაული ცოცხალი აღარ არის.
AMBEBI.GE - თან საუბარში ისინი კვლავ  გადაჭრით აცხადებენ, რომ სოსო ცოცხალია, თუმცა, მეამბოხეებმა მას კიდევ ერთხელ შეუცვალეს ადგილი.
 
 "მეამბოხეების საკმაოდ დიდი ნაწილი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებიდან წასული მებრძოლები, გაწვრთნილი და განათლებული სამხედროები არიან, რომლებიც ხელისუფლებას აუჯანყდნენ და არა ტერორისტები, თუმცა, მათ ჯგუფებში რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც შორს არის განათლებისგან... მათ თითქმის მუდმივი ურთიერთობა აქვთ აქ დარჩენილებთან. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სოსოს დაღუპვის შესახებ, თუნდაც მათგან გავიგებდით... - ამბობს  ოსორაულის მეგობარი, რომელიც  ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს - 
ბოლო ინფორმაციით, ის რუანდადან უგანდაში ჰყავთ გადაყვანილი. თუმცა, მას როგორც ტიპურ ტყვეს არ ექცევიან, ანუ არ ჰყავთ ბორკილებით და ორმოში, როგორც ამას სხვა ტყვეების შემთხვევაში აკეთებენ. ვიცით, რომ რუანდაში ყოფნისას, მას ბანაკში თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა" - ამბობს სოსოს მეგობარი, რომლის თქმითაც, ადრეულ წლებში, ასეთ საკითხებს ამბოხებულები და ხელისუფლება ერთმანეთში აგვარებდნენ, თუმცა, ბოლო დროს, მათ მეთოდები შეცვალეს.
 
მისივე თქმით, კონგოში მუდმივად ომია და საბრძოლო მოქმედებები ხან ჩაწყნარდება, ხანაც გააქტიურდება. ახლა იქ ეს პროცესები გააქტიურებულია. ერთ-ერთი ვერსიით, "23 მარტის ამბოხებულები" ოსორაულის სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ, შემდეგ მათი რამდენიმე თანამებრძოლის გათავისუფლებას, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ტყვედ ჰყავდა.
 
არის ინფორმაცია, რომ აჯანყებულები ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ ერთ-ერთი ლიდერის, გენერალი ბოსკო ნტაგანდას გათავისუფლებას ითხოვენ. გენერალი, ზედმეტსახელად "ტერმინატორი", 2013 წელს რუანდის დედაქალაქ კიგალში არსებულ ამერიკის საელჩოში საკუთარი ნებით მივიდა და ჩაბარდა. მის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მძიმე დანაშაულის ბრალდებით, მათ შორის, აჯანყების, მასობრივი მკვლელობის, ასევე ქალებისა და ბავშვების გაუპატიურების მუხლით არის აღძრული, რომელიც მან აღმოსავლეთ კონგოში, 2002-2003 წლებში ჩაიდინა და მის საქმეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უკვე რამდენიმე წელია განიხილავს.
წაკითხულია 142-ჯერ