მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინაზე უარი არ თქვას

12:50 07-12-2017
მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინაზე უარი არ თქვას
მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინაზე უარი არ თქვას. განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამერიკული, კატონის ინსტიტუტის კონფერენციაზე გააკეთა.
 
კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ღონისძიების მონაწილეებს, რომლებიც უკრაინაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ, მიხეილ სააკაშვილი კარვების ქალაქიდან ჩაერთო.
 
მისი თქმით, პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება ხელს უშლის ანტიკორუფციული ორგანოების საქმიანობას, თუმცა უკრაინაში დასავლური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა პილიტიკოსებიც არსებობენ, რომლებიც დასავლეთის ნამდვილ მოკავშირეებს წარმოადგენენ.
 
„დასავლეთმა თითქმის უარი თქვა უკრაინაზე. ჩემი მეგობრებისგან ვისმენ ინფორმაციას, რის დამტკიცებასაც ადგილობრივი ოლიგარქები ცდილობენ, რომ უკრაინა დაკარგულია, მის სათავეში ყოველთვის ოლიგარქები იქნებიან და საზოგადოებას არ შესწევს ძალა, ააშენოს ნორმალური ქვეყანა. მოვუწოდებ დასავლეთს, ხელი არ აიღოს უკრაინელ ხალხზე, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერია. მათ, ვინც ამჟამად ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ბლოკირებას ახდენს და კორიფციული გარიგებების გამოძიებას ხელს უშლის, საბანკო ანგარიშები სწორედ ევროპასა და ამერიკაში აქვთ. დასავლეთს შეუძლია ეს მათზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენოს," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
უკრაინაში ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა წუხანდელი ღამეც ბარიკადებს მიღმა გაატარა.   უკრაინის გენერალური პროკურორის ულტიმატუმის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი კვლავ რადასთან, კარვების ქალაქში იმყოფება.ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი დაკავების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, რადასთან დღეს სიმშვიდეა.
 
„ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები  ემზადებიან  დღეს დაგეგმილი  მორიგი მასშტაბური აქციისთვის, რომელსაც  „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად, იულია ტიმოშკენოს „ბატკივშინას“ წარმომადგენლებიც უერთდებიან. ეს არის პასუხი სააკაშვილის მოწოდებაზე   უკრაინის ოპოზიციურ ძალებისადმი გაერთიანდნენ. 
 
„დღეს ერთობლივი აქცია გვაქვს, ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიები, რომელთანაც არ ვერთიანდებით, მაგრამ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა. პლატფორმას ვუთმობთ „ბატკივშინას“. ეს ის პარტიაა, რომელიც ჩვენ გვერდით იდგა საზღვრის გადმოკვეთის და მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობის დროსაც,“ - განაცხადა ოპოზიციური პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის წევრმა, ივან სლობოდიანიკმა. 
 
დღესვე დაგეგმილია პრესკონფერენცია , სადაც „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერები სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. განცხადების გაკეთებას გეგმავს მიხეილ სააკაშვილიც.
 
წაკითხულია 46-ჯერ