შეუშვებენ? არ შეუშვებენ? ... საუბარია პარლამენტის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის ოთახში მისი ადმინისტრაციის წევრებს ვერ შეუშვებენ

18:56 12-10-2017
შეუშვებენ? არ შეუშვებენ? ... საუბარია პარლამენტის განცხადებაზე, რომ  პრეზიდენტის ოთახში მისი ადმინისტრაციის წევრებს ვერ შეუშვებენ
ბოლოსდაბოლოს გაირკვა, რომ , პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვალ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას პარლამენტში არსებულ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლის პრობლემა არ ექნებათ.მათ  პრეზიდენტის სამუშაო ოთახს პირადად საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გაუღებენ.
 
„ადმინისტრაციის თანამშრომლებს პრეზიდენტის სამუშაო ოთახის გაღებაზე უარი პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ უთხრა, თუმცა ეს ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებული არ ყოფილა. აპარატს იურიდიულად არ აქვს პრეზიდენტის ოთახის გაღების უფლება, როცა პრეზიდენტი იქ არ იმყოფება, რის გამოც ალექსანდრე ტაბატაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშროლებს ალტერნატიული ოთახები შესთავაზა, თუმცა პირადად პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ არ შეიქმნას ამ კუთხით პრობლემა. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხვალ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლა ჩვეულებრივად შეეძლებათ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტში. 
 
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს განაცხადა, რომ  დღეს მათ პარლამენტის აპარატიდან შეატყობინეს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესულიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი. აბაშიშვილის თქმით, მათ ეს ცნობა ხუმრობა ეგონათ.
 
,მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რეგულაცია და პროექტი და არსად წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში. იმედი მაქვს, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან და საკითხი მოგვარდება, რადგან ჩვენ ვაპირებთ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლას”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
 
 
 
 
 
 
 
წაკითხულია 55-ჯერ