ტელეკომპანია ,,ოდიში,, როგორც პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია 1989 წელს ჩამოყალიბდა. ის იყო პირველი საკაბელო ტელევიზია საქართველოში, რომელმაც ანალოგიური დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შექმნის მაგალითი მისცა სხვა რეგიონებს. მისი დამფუძნებლები არიან ბ–ნი გრიგოლ ქობალია, ალექსანდრე და ლევან ქობალიები. 2004-2008 წლებში ტელეკომპანიას ხემძღვანელობდა ბ–ნი გოჩა მინჯორაია. 2008 წლიდან ტელეკომპანიის დირექტორია ბ–ნი დავით გრიგოლია.

ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაფარვის ზონაში შედის სამეგრელოს რეგიონი, ნაწილობრივ სვანეთი და აფხაზეთი. ჰყავს 300000 (სამასიათასი) პოტენციური აუდიტორია. თავდაპირველად ის იყო საკაბელო ტელევიზია, ხოლო 1991 წლიდან გადავიდა დეციმეტრულ მაუწყებლობაზე. თავიდან ტელეკომპანიის პროგრამა შედგებოდა ადგილობრივი საინფორმაციო გადაცემებისა და ფილმებისგან. 1995 წლიდან ტელეკომპანია საქართველოს სატელევიზიო ქსელში შედის.  ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში სხვადასხვა დროს გადიოდა ახალგაზრდული გასართობი პროგრამა "ახალგაზრდული ტალღა", ლიტერატურულ–შემეცნებითი გადაცემები "ანტურაჟი" და "აპეირონი", მუსიკალურ-გასართობი პროგრამები და გათამაშებები პირდაპირ ეთერში. საინფორმაციო გუნდი ამზადებდა გადაცემას, რომელიც აჯამებდა კვირის მოვლენებს "სიგმა" "სპექტრი". პირველ საინფორმაციო გადაცემას ერქვა "ციონი", ხოლო 2004 წლიდან მისი სახელწოდებაა "დრო". ტელეკომპანია "ოდიში" მდებარეობს ცხელ წერტილში, აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონში, აქედან გამომდინარე იზრდება მასმედიის საერთაშორისო ინტერესი. ჟურნალისტებს ხშირად უწევთ მუშაობა უცხოელ კოლეგებთან. 1995 წლიდან ტელეკომპანიამ დაიწყო გადაცემის ტრანსლაცია რუბრიკით "დიალოგი პირდაპირ ეთერში", იმართებოდა ტელედებატები და მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ტელეფონის მეშვეობით დაესვა შეკითხვები ადგილობრვი კანდიდატებისთვის. ტელეკომპანია პროექტს ახორციელებდა ფონდ "ევრაზიის" დაფინანსებით. მოგვიანებით ტელეკომპანიამ გრანტის საშუალებით და უცხოური ორგანიზაციების, ფონდ "ევრაზიისა" და "აირექსის" დაფინანსებით კიდევ ერთი წარმატებული თოქ–შოუ გააკეთა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სახელწოდებით "ინიციატივა", სადაც მოსახლეობას პირდაპირი ეთერის საშუალებით შეეძლო მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი პირდაპირ ეთერშივე მიეღო. ტელეკომპანია "ოდიში" წლებია თანამშრომლობს მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლესთან და ამზადებს ერთობლივ გადაცემებს, კერძოდ, ახალგაზრდულ და საბავშვო–მუსიკალურ პორგრამებს, რომლებიც მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან. ასეთი გადაცემებია მ/ა სასახლის მუსიკალურ–თეატრალური სტუდია "რიბი–რაბოს" მიერ მომზადებული გადაცემა "რიბი–რაბოს კალეიდოსკოპი". 2008 წელს კი ერთობლივი, საკმაოდ წარმატებული პროექტი განხორციელდა სახელწოდებით "წლის ყველაზე საუკეთესო მუსიკალური კლიპი".

ტელეკომპანიის გადაცემათა ბადე მოიცავს საინფორმაციო პროგრამა "დროს", ყოველკვირულ შემაჯამებელ–ანალიტიკურ პროგრამას "ინფო–დაიჯესტი", ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გარასიმეს ლოცვა–კურთხევით მომზადებულ საეკლესიო გადაცემას "ქრისტეს გზა", რომელიც მიზნად ისახავს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პოპულარიზაციას, ასევე გადის გადაცემა " საუბრები მართმადიდებლობაზე". საეთერო ბადე ივსება სხვადასხვა ჟანრის მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით. ტელეკომპანია "ოდიში" აქტიურად თანამშრომლობს დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ასოციაციასთან, რომლის სრულუფლებიანი წევრიც არის. "ოდიშის" ეთერში ყოველდღიურად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" აფხაზურ ენაზე, ასევე დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ასაციაციის მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემა "მრავალკუთხედი", რომელიც ყველა რეგიონის მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენებს აშუქებს.

ტელეკომპანია ,,ოდიშის,, თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ტრენინგ-სემინარებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რომლის თემატიკა მოიცავს გლობალურ თემებს. ჟურნალისტები, დიზაინერები, პროგრამისტები, სარეკლამო აგენტები, ტელეკომპანია ,,ოდიშის,, მენეჯერები გარკვეული დროის განმავლობაში უცხოელი კოლეგებისგან სწავლობდნენ და ღებულობდნენ საჭირო ინფორმაციას, რათა აემაღლებინათ თავიანთი პროფესიული დონე.

2007 წლიდან ეთერში გავიდა რადიო ,,ოდიში+,,. იგი დღემდე წარმატებით მაუწყებლობს 102,9 მეგაჰერცსიხშირეზე. რადიოეთერში გადის რეიტინგული გადაცემები მუსიკალური ვიქტორინა, MTV ჩარტი, ექსკლუზივი, სტუმარი, +შოუ.

,,ოდიშმა,, უამრავი ჟურნალისტი გამოზარდა, რომლებიც დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიებში, რადიოსა და ჟურნალ–გაზეთებში აგრძელებენ მოღვაწეობას.