აზიური ფაროსანა უკვე მთავრობის ადმინიტრაციაშია, ჯერი - ოლიგარქის სასახლეზეა, ამჯერად ნამდვილად მიიღებენ ზომებს

16:36 11-10-2017
აზიური ფაროსანა უკვე მთავრობის ადმინიტრაციაშია, ჯერი - ოლიგარქის სასახლეზეა, ამჯერად ნამდვილად მიიღებენ ზომებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აზიური ფაროსანა გამოჩნდა. ეს ფაქტი  ჟურნალისტებმა გადაიღეს.
დიდი რაოდენობით აზიური ფაროსანა რამდენიმე დღის წინ ვაკის პარკში შენიშნეს,  ორდღიანი კვლევის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ დედაქალაქში გავრცელებული მწერი, ნამდვილად აზიური ფაროსანაა​, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი ისეთივე საფრთხის წინაშე დგას, როგორც დასავლეთ საქართველო.სწორედ ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება ვაკის პარკის შეწამვლის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით,  მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ბიოლოგიური პესტიციდის გამოყენებით. 
”პროცესი უკვე დაწყებულია და სრული სურათი რამდენიმე დღეში გვექნება”, - განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.
 
მისივე თქმით, ცხელ ხაზზე ზარები ძალიან გახშირდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში აზიური ფაროსანას არსებობა არ დასტურდება.
 
”მოსახლეობა ძალიან გააქტიურებულია და სატელეფონო ზარებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა. თბილისის მასშტაბით, ჯერჯერობით მხოლოდ ვაკის პარკშია დაფიქსირებული აზიური ფაროსანა”, - განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.
მისივე განცხადებით, აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და აუცილებელია მისი განადგურება, ვინაიდან ”ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს რამდენიმე ათას განადგურებულ მწერს”. 
წაკითხულია 199-ჯერ