15 აგვისტოდან ვეღარ იხმაურებთ - ხმაური დასჯადი ხდება

18:34 11-08-2017
15 აგვისტოდან ვეღარ იხმაურებთ - ხმაური დასჯადი ხდება
15 აგვისტოდან ვეღარ იხმაურებთ - სწორედ ამ დღიდან ამოქმედდება კანონი ხმაურის შეზღუდვის შესახებ. ხმაურიან მოქალაქეებს თავდაპირველად გააფრთხილებენ, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში სოლიდურ ჯარიმებსაც დააკისრებენ. პარლამენტმა ხმაურის შესახებ რეგულაციები მესამე მოსმენით 83 ხმით დაამტკიცა. ახალი რეგულაციების მიხედვით ხმაური 23:00 საათიდან 08:00 საათამდე იკრძალება. ამ პერიოდში ბარ-რესტორნებიდან გამომავალი ხმაური 40 დეციბილს არ უნდა აჭარბებდეს. შეიზღუდება ნებისმიერი სახის პიროტექნიკის გამოყენებაც. კანონის დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე საპატრულო პოლიცია ფიზიკურ და იურიდიულ პირს გააფრთხილებს, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. თუ შემთხვევა კიდევ დაფიქსირდა, ჯარიმა გაორმაგდება.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის ყოველი მეხუთე მოსახლე 55 დეციბელზე მეტი ხმაურის ზონაში იმყოფება. თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასეთ ხმაურიან გარემოში, არ არის გამორიცხული, რომ მას აუწიოს არტერიულმა წნევამ და პრობლემა შეექმნას გულის ნორმალურ მუშაობას. ასევე, პრობლემები შეექმნება სმენასთან და ძილთან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, მუდმივ ხმაურში ყოფა-ცხოვრებამ ადამიანის ფსიქიკაზე შეიძლება გავლენა იქონიოს და წარმოქმნას სერიოზული პრობლემები მასთან დაკავშირებით. "განგრძობითი ხმაური უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ადამიანს პერმანენტულად არ სძინავს. უძილობის გამო ადამიანი დღის მანძილზე გრძნობს მუდმივ დაღლილობას, არაეფექტურია. თანაც 7-8 საათი რაც აუცილებელია ადამიანისთვის, იმას დღის ძილით ვერ შავსებს. გარდა ამისა, მაღალი ხმა და დეციბელები ძალიან ცუდად მოქმედებს სმენის ნერვზე, თავს იჩენს ისეთი დაავადება როგორიც არის ტინიტუსი, ანუ მუდმივი ხმაური ყურში. ადამიანს შეიძლება მუდმივად ესმოდეს, მაგალითად ჩანჩქერის ხმა, ან მატარებლის ხმა და ა.შ", - განმარტავს ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი არჩილ წულაძე. რისი ხმა რამდენი დეციბელია და რა შეიძლება გამოიწვიოს მან?:
15 დეციბელი - ძლივს ისმის ფოთლების შრიალი
35 დეციბელი - კარგად ისმის ჩუმი საუბარი
65 დეციბელი - ხმაური, ხმამაღალი საუბარი
80 დეციბელი - ყვირილი, მოტოციკლი მაყუჩით, სატვირთო ავტომობილის ძრავის მუშაობა, მტვერსასრუტი
100 დეციბელი - განსაკუთრებით ძლიერი ხმაური, ორკესტრი, სამჭედლო ცეხი, ხმაურიანი ქარხანა, ბენზოხერხის ხმა
110 დეციბელი - განსაკუთრებით ძლიერი ხმაური ვერტმფრენი, ტრაქტორის მუშაობა 1 მეტრის დაშორებით
140 დეციბელი - რეაქტიული თვითმფრინავის აფრენა 25 მეტრის დაშორებით, როკ-კონცერტზე მაქსიმალური ხმა. შეიძლება გამოიწვიოს შიდა ყურის ტრავმა
150-155 დეციბელი - კოსმოსური ხომალდის გაფრენა 100 მეტრის დაშორებით, რეაქტიული ძრავი 30 მეტრის დაშორებით. შეიძლება გამოიწვიოს კონტუზია, ტრავმები.
160 - 170 დეციბელი - ყურთან ახლოს ზარბაზნიდან გასროლა, ზებგერითი თვითმფრინავის დამრტყმელი ტალღა. შეიძლება გამოიწვიოს შოკი, ტრამვები, შესაძლებელია ყურის დაფის აპკის გაგლეჯვა.
170-180 დეციბელი - საჰაერო დარტყმითი ტალღა 0,02 მპა (მეგაპასკალი) წნევით, ასეთი წნევით დიდი დროით ხმა იწვევს სიკვდილს. შეიძლება გამოიწვიოს: ფილტვების გაგლეჯვა, შესაძლოა სიკვდილიც.
200 დეციბელი და ზემოთ - საჰაერო დარტყმით ტალღა 0,2 მპა და მეტი წნევით. სიკვდილი.
ხმაურის აკრძალვა რა თქმა უნდა პირველად საქართველოში არ მოხდება, ეს რეგულაცია ევროპისა და ამერიკის მასშტაბით უკვე დიდი ხანია მოქმედებს. ამ ქვეყნებში ჯარიმების რაოდენობაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ჩვენი კანონმდებლობით დაწესებულ ჯარიმებს. უფრო კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყნებში ხმაურის ზღვრული დონე ასეა განსაზღვრული: საფრანგეთი - 62 დეციბალი, გერმანია - 49 დეციბალი, ნიდერლანდები - 40 დეციბალი, ფინეთი - 46 დეციბალი, შვედეთი - 51 დეციბალი, ლატვია - 40 დეციბალი.მაგალითისთვის ლიტვაში, ფიზიკური პირებისთვის ხმაურის წესების დარღვევისათვის ჯარიმა 30-355 ევროთი განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირებისთვის 70-700 ევრო. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაჭარბებული ხმაურისთვის პირი ჯარიმდება 250 დოლარით პირველ ჯერზე, გამეორებით შემთხვევაში - 500 დოლარით, მესამე ჯერზე - 750, ხოლო მეოთხე ჯერზე - 1000 დოლარით.
წაკითხულია 649-ჯერ