ხამისკურში ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცავის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა

14:12 12-01-2018
ხამისკურში ავარიის  შედეგად დაშავებული სამართალდამცავის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამართალდამცავის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა გამოიკვეთა, - ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განაცხადა. 
 
„მოსალოდნელი იყო, რომ ოპერაცია დასჭირდებოდა, თუმცა არ დასჭირდა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ დადებითი დინამიკით, თუმცა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება“, - აღნიშნა ნიკა ჭეჟიამ.
 
10 იანვარს  სოფელ ხამისკურში მძიმე ავარია მოხდა. მანქანაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა. მათგან ორი მძიმედ დაშავდა, ერთერთის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში რჩება.
 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეს პროკურატურა იძიებს.
წაკითხულია 574-ჯერ