სასამართლოს გადაწყვეტილებით ზეინაბ მორგოშია თანამდებობაზე აღადგინეს

17:32 16-05-2018
სასამართლოს გადაწყვეტილებით ზეინაბ მორგოშია  თანამდებობაზე აღადგინეს
დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან გათავისუფლებეული ყოფილი თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია სამსახურში აღადგინა. მოსამართლე ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, «ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს» სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ზეინაბ მორგოშიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ჰქონდა სასამართლოს სანდოობის იმედი და სამართალმა გაიმარჯვა. «დიდი მადლობა სასამართლოს სწორი გადაწყვეტილებისთვის. დღეს, დამარცხდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ქალაქის მერი ლაშა გოგია. დამარცხდა მთავრობა. კარგია, რომ დამარცხდნენ იმისთვის, რომ შემდეგში გაითვალისწინონ, შეცვალონ ხედვა, დამოკიდებულება. ნუ იქნებიან მოძალადეები».  ზეინაბ მორგოშია ამბობს, რომ ქალბატონი მადონა გახდა «ინსტრუმენტი» მთავრობის. «აწი ვიბრძოლებ, ქალბატონმა მადონამ, როგორც არაობიექტურმა დირექტორმა, პასუხი აგოს და დატოვოს სამსახური. მივმართავ შესაბამის ინსტანციებს და აუცილებლად მივაღწევ თანასწორობის აღდგენას სამსახურში».მოსარჩელე მხარის ინტერესებს იცავდა «საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია». ჯემალ ჭკადუას თქმით, სასამართლომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ არათანაბარი მოქმედება იყო განხორციელებული ქალბატონ ზეინაბთან მიმართებაში.მოპასუხე მხარემ, «ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის» დირექტორმა, ქალბატონმა მადონა მაქაცარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
 
ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნა იყო სამსახურში დაბრუნება, განაცდურის აღდგენა და «ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის» ხელმძღვანლის, მადონა მაქაცარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
წაკითხულია 200-ჯერ