ზაზა ხატიაშვილი: ,,ევროსაბჭოს მისაღებში დავწვები და მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ ''

13:55 12-10-2017
ზაზა ხატიაშვილი: ,,ევროსაბჭოს მისაღებში დავწვები და მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ ''
ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესის ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების საქმეზე პროკურატურამ გამოკითხვაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის მეექვსე ადვოკატიც დაიბარა.
 
ეკა ლომიძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას ხვალ, 11:00 საათზე გეგმავს. 
ლომიძე ამბობს, რომ კოლეგების მსგავსად, ისიც არ აპირებს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას.
 
ლომიძესთან ერთად, პროკურატურაში მისვლას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც გეგმავს.
 
„ეს არის პირდაპირი დარტყმა ადვოკატის ფუძემდებლურ პრინციპზე. მინდა, გავაფრთხილო პროკურატურა, ამას მოჰყვება ძალიან მწვავე რეაქცია. ეს იგივეა, რომ მღვდელი დაიბარო და აიძულო აღსარების საიდუმლოს გათქმა. ეს დანგრევს მთელ ადვოკატთა კორპუსს", - განაცხადა ხატიაშვილმა. 
„ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას ისევ თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელი მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ“​. 
 
პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი გამოძიების მონაცემის გახმაურებას გულისხმობს. ამ მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
წაკითხულია 62-ჯერ