მეცნიერებმა გაშიფრეს საიდუმლო ტექსტი ტროაზე

14:52 11-10-2017
მეცნიერებმა  გაშიფრეს საიდუმლო ტექსტი ტროაზე
მეცნიერებმა მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში აღმოჩენილი ქვაზე დაწერილი საიდუმლო ტექსტი გაშიფრეს - არქეოლოგები და ლინგვისტები მიიჩნევენ, რომ მანუსკრიპტზე აღწერილია ხეთების იმპერიის დაცემა და პირველი "ნამდვილი" ტროის ომი.
ვრცლად ინფორმაციას Live Science-ი ავრცელებს.
 
სტელა ამ წარწერით  ჯერ კიდევ 1878 წელს  იპოვეს გლეხებმა  ქვეყნის დასავლეთში სოფელ ბეიკეასთან.   ფრანგმა არქეოლოგმა ჟორჟ პერომ ადგილზევე  დააკოპირა ლოდზე გაკეთებული წარწერა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან    მოგვიანებით ამ ქვის სტელას იგივე ბედი ეწია, რაც ბევრ სხვა არტეფაქტს ახლო აღმოსავლეთში - გლეხებმა იგი დახერხეს და ახალი მეჩეთის საძირკვლად გამოიყენეს.
 
 
 ორიგინალის არარსებობა და  ტექსტის ჩვენამდე მოღწეული ასლების ფრაგმენტული ხასიათისა და სიმცირის გამო, ისტორიკოსების დიდი ნაწილი დღემდე სკეპტიკურად არის განწყობილი ამ მანუსკრიპტის მიმართ.  პრობლემა იმაშიცაა, რომ  რომ ტექსტი დაწერილია ლუვიურ ენაზე. ამ ენაზე საუბრობდა  ძვ.წ. II - I ათასწლეულებში, ბრინჯაოს ხანაში არსებული ხეთების სამეფოს ერთ-ერთი ეთნოსი, რომელიც მესოპოტამიის ჩრდილოეთით ცხოვრობდა. XX საუკუნის შუაწლებამდე, სანამ რამდენიმე მეცნიერმა ,ხელახლა არ აღმოჩინა და გაშიფრა იგი,    ეს ენა აღარავის ესმოდა მათ გარდა, ამიტომ მეცნიერები დღესაც ვერ ამბობენ დადასტურებით ბეიკეაში აღმოჩენილი წარწერა რეალური ისტორიული დოკუმენტია თუ  ნაწილობრივ ნაყალბევი ტექსტის ასლი. 
 
როგორც შვეიცარიელი ისტორიკოსი ებერჰარდ ცანგერი ამბობს, რამდენიმე წლის წინათ მას ხელში ჩაუვარდა ამ ტექსტის მანამდე უცნობი ასლი, რომელიც სახელგანთქმული  ბრიტანელი არქეოლოგისა და ანტიკური ხანის მცირე აზის ისტორიის ექსპერტის ჯეიმს მელააართის ვაჟმა მიაწოდა. ალან მელაართმა მამის გარდაცვალების შემდეგ, 2012 წელს სრულიად შემთხვევით იპოვა იგი  საოჯახო არქივში. ცანგერმა   ასევე ცნობილ ლინგვისტთან, ლუვიური ენის მცოდნე  ფრედ ვაუდჰეიზენთან ერთად ამ ტექსტის სრული გაშიფვრის შედეგად აღმოაჩინა, რომ იგი დაკავშირებულია  სხვა ტექსტებთან ტროას ომის შესახებ. 
 
 
ბეიკეას ტექსტში, მეცნიერთა განმარტებით,  აღწერილია მირის სამეფოს შექმნის ისტორია - ეს სამეფო დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ქვეყნის  დასავლეთში აღმოცენდა და ხეთების სამეფოს ებრძოდა თურქეთის სამხრეთ ნაწილზე კონტროლისათვის, ტექსტი აგრეთვე ეხება ბრძოლას ისრაელის ქალაქ აშკელონისთვის, რომელიც მაშინ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ამ კონტექსტში იხსენიება ტექსტში პირველი ტროას ომი, რომლის შედეგად ტროა მირის სამეფოს ვასალად იქცა და მის ფლოტს ხომალდებითა და ეკიპაჟით ამარაგებდა.ეს  შესაძლებელი გახდა იმის სედეგად, რომ ტროელები აუჯანყდნენ მეფე ვალმუსს, რომელმაც თავის მხრივ დახმარებისთვის მირის მმართველს მიმართა. მირის ჯარებმა ჩაახშე აჯანყება და ტახტი ვალმუსს დაუბრუნე, რის სანაცვლოდაც ,,სამარადისო ლოიალობის'' აღთქმა მიიღო. 
 
 
შემდგომ ხანაში ტროა მონაწილეობდა  ხეთების სამეფოსა და მისი ვასალების წინააღმდეგ, მირის არმიის ლაშქრობებში, რომელთაც ქულანა- ქურუნტასი, მასუითის ვაჟი აწარმოებდა - ამ ორი სამეფოს ძალთა გაერთიანებამ შედეგად მოიტანა ის, რომ  ჩვენს ერამდე 1190 წლისათვის ხეთების არმია და თავად სახელმწიფოც მიწასთან გასწორდა. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. 
 
დასასრულ დავძენთ, რომ ბიქეას ტექსტის გაშიფვრის ძირითადი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტექსტის სახით მიღებულია კიდევ ერთი ნივთმტკიცება იმისა, რომ ტროა უსაფუძვლო მითი და ლეგენდა არ არის და რომ ტროას  ომი სინამდვილეშიც მოხდა. 
შეგახსენებთ, ლეგენდარული ტროის ომი აქაველებსა და ტროელებს შორის უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო დაიწყო. ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით, ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა დარდანელის სრუტის მიდამოებში მდებარეობდა.
 
ცალკე საკითხია, რომ ტროას ძველი ბერძნებიც წინარებერძნული ტომების, კერძოდ, პელაზგების ქალაქად იხსენიებდნენ და ეს განსაკუთრებით ემშობლიურება კოლხეთს . 
 
 

 

წაკითხულია 198-ჯერ